დიმიტრი ხუნდაძე: ევროპულ გზაზე საზოგადოებას სიფრთხილე სჭირდება, რომ უკეთესის ძიებაში უარესი არ მივიღოთ

“ევროპულ გზაზე საზოგადოებას სიფრთხილე სჭირდება, რომ უკეთესის ძიებაში არ მივიღოთ უარესი. გუშინ აქციაზე უდიდესი ნაწილი იყვნენ გულწრფელი ადამიანები, რომელთაც ევროპული არჩევანი აქვთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხუნდაძის თქმითვე, მას სჯერა, რომ უმოკლეს პერიოდში საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი სახელმწიფო გახდება.

“მცირე ნაწილი იყვნენ ნაცმოძრაობის მიმდევრები და ჩართვაზე მყოფნი მათი ლობისტი ევროპარლამენტარები, რომლებმაც საკუთარი რეკომენდაცია თავადვე დაარღვიეს და ხელი შეუწყვეს დეპოლარიზაციის გაღრმავებას.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა იქ ყოფნა კიდევ ერთი დასტურია საზოგადოების ურყევი პოზიციისა, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია მას, მაგრამ ფაქტია, რომ ნაცმოძრაობამ დამატებითი ჟანგბადი მიიღო და უფრო „ღრმა ამოსუნთქვით“ გაამხილა ძირითადი მიზანი – გამოიყენოს ყველა შანსი ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.
არც ოპოზიციური მედიის ქმედებებია მედიაში პოლარიზაციის დასასრული. სწორედ ევროკომისიის ამ დასკვნის შემდეგ ოპოზიციური მედია კიდევ უფრო მეტ შეურაცხყოფაზე გადავიდა და ღიად, საჯაროდ არღვევენ კანონს, რომელიც მათ სიტყვის თავისუფლება ჰგონიათ.
დღეს ერთი რამ იკვეთება – ოპოზიციას სურს ერთგვარი საავტორო უფლებები მოიპოვოს ქვეყნის ევროპულ არჩევანზე. მაგრამ არ გამოსდით, რადგან ეს საავტორო უფლებები არა რომელიმე პარტიას, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ხოლო, ქართველი ხალხის ამ არჩევანს დღეს ქვეყნის ხელისუფლება თანმიმდევრულად და აუცილებელი სიფრთხილით ასრულებს.
ევროპარლამენტის სრულიად უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუციის შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციები არის რეალური ასახვა იმ რეფორმებისა, რასაც ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ. ბუნებრივია, ამ რეფორმების განხორციელება გაგრძელდება. მთავარი ის იყო, რომ საქართველოს არ მიუღია უსამართლო რეკომენდაციები, განსხვავებით ევროპარლამენტისა, რომელმაც უზომოდ გააღიზიანა ხალხი, მათ შორის მეც.
ამიტომ, როდესაც მეკითხებიან რა არის პირადად ჩემთვის უმთავრესი, მთელი პასუხისმგებლობით ვპასუხობ – უმჯობესია სტატუსი მივიღოთ ხვალ, სულ რამდენიმე თვეში ომის გარეშე, ვიდრე მიგვეღო დღეს ომით.
ეს არის ჩემი მოსაზრება და მჯერა, რომ უმოკლეს პერიოდში საქართველო აუცილებლად გახდება არა მარტო კანდიდატის სტატუსის მატარებელი, არამედ, ევროკავშირის ღირსეული წევრი სახელმწიფო”,- განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები