ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი – არცერთი ფაქტი, არც სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ოპოზიციას არ აქვს, რომ ის პოლიტიკაში მონაწილეობს
ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ოლიგარქის განმარტება უნდა ისწავლოთ. ივანიშვილს ფული არ უშოვია საქართველოში, პირიქით, უცხო ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესინტერესები, იქ გაყიდა, ჩამოვიდა და ამ ქვეყანას ახარჯავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ოლიგარქის კლასიკური განმარტების კრიტერიუმებს კეზერაშვილები, ალასანიები და მსგავსი პირები აკმაყოფილებენ.
“კეზერაშვილები, ალასანიები, გარკვეული ჯგუფები ვინც აფინანსებდნენ “ტვ პირველს,” ზუსტად, კლასიკურად ჯდებიან ამაში ერთი ერთში. ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, არცერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ქველმოქმედი, 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად იყო ფლაგმანი ტირანიის დამარცხების, არცერთი ფაქტი, არც თქვენ, არც თქვენს სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ოპოზიციას არ აქვს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მონაწილეობს. ეს სურვილი რომ ჰქონდეს, არანაირი მოსარიდებელი არ არის, იყო პოლიტიკაში და გავიდა და აგრძელებს ქველმოქმედებას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა ზარქუამ.