ტექნიკურ თუ დროებითი თანხმობის მთავრობაზე ლაპარაკი არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა, სახელმწიფო არ ჩამოიშლება, რადგან სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საჭიროა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში ნეგატიური აზრის გამძაფრებას ემსახურება.
„2020 წელს რამდენიმე თვე იწვალეს, რომ კრიზისი წარმოეჩინათ, საბოლოო ჯამში ის ხელოვნურად შექმნილი კრიზისიც განიმუხტა, სახელმწიფოც თავის ადგილზე დგას. სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა. „სასამართლოში არაფერი გაკეთებულა“ – ასე ისვრიან ფრაზებს და არც ცდილობენ დაამტკიცონ. ოთხი ტალღა გატარდა და თავადაც რომ ეთანხმებოდნენ ისეთ ცვლილებებზეა საუბარი. ყველაზე დიდი ბოროტებაა, რომ სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობები გქონდეს სხვადასხვა გზით და ამას აკეთებდე საზოგადოების მოტყუების გზით. თავად ყველაზე უკეთ იციან, რომ ასოცირებულ ტრიოში და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს კი არა, ზოგ ევროპულ მეგობარ სახელმწიფოსაც რაღაც კრიტერიუმებით ვუსწრებთ, ეს არის ძალიან საამაყო“, – განაცხადა მდინარაძემ.