სალომე ზურაბიშვილი: მინდა, მივესალმო ყველას, ვინც აპირებს გამოსვლას დემონსტრაციის დროს – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი
მინდა, მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა აქცია მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.
„მინდა, მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო გვინდა, ეს არის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, ვინაიდან ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რაც არის მისაღები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე დღეს ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.