ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ, საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა” და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ” ინფორმაცია მოისმინა.

პარლამენტის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს გასული წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, ასევე, მომავალი წლებისთვის ძირითადი მაკროეკონომიკურ პროგნოზების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„გასული წელი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტალი იყო უარყოფითი – ეკონომიკური შემცირება იყო 4.1%. აპრილიდან ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი გაჩნდა და ზრდის დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდა.
საბოლოოდ, გასული წლის ფაქტობრივი მონაცემებით, 10.4%-ის ოდენობის ეკონომიკური ზრდა მივიღეთ, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ვარდნა აღდგა, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 2,9%-ით გაიზარდა”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ

. მომდევნო წლების ეკონომიკურ პროგნოზებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანამ ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდით დაიწყო, თუმცა ბიუჯეტის დამტკიცებისას რეგიონში განსხვავებული მდგომარეობა იყო.

„უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. უკრაინაში ომს ჩვენ ეკონომიკაზე 2%-იანი უკუეფექტი აქვს, ამის მიუხედავად, 6%-ანი ზრდა ამ ეტაპზე უნდა შევინარჩუნოთ. 2023 წელს ეკონომიკური ზრდა 5,5% იქნება, ხოლო შემდეგ – საშუალო 5,2%”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის როგორც შემოსავლების, ასე ხარჯების ნაწილში შესრულება მაღალია, შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელია – 101.6%. ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი მაღალია სამინისტროებშიც.
მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყებაა, 6 მლრდ 466 მლნ ლარის საკასო ხარჯი გაეწია და შესრულების მაჩვენებელია 100%. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ათვისების მაჩვენებელი მაღალია ცალკეული პროგრამების მიხედვითაც. მომხსენებელმა კომიტეტის წევრების კითხვებსაც უპასუხა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც, მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხების გამოყოფა მნიშვნელოვანი იქნება. “პირველადი ჯანდაცვაა გასაძლიერებელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი, რომ სისტემა სწორად იმართებოდეს და ეფექტური იყოს. მართალია, დიაბეტის მართვის პროგრამისთვის ბიუჯეტი გავზარდეთ, მაგრამ ამ პროგრამას კიდევ მეტი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არის პრობლემა, რომელიც საწოლფონდის დეფიციტს უკავშირდება და ამ მიმართულებითაც გარკვეული ჩარევა დაგვჭირდება. იშვიათი დაავადებების კუთხითაც ბევრი აქტივობა დაემატა, მაგრამ დაფინანსების პრობლემა კვლავაც რჩება. ეს ეხება, ასევე, დიალიზის პროგრამას, სახარჯ მასალებს, მედიკამენტებს და სხვა. პრიორიტეტები ბევრი მიმართულებით შეიძლება განისაზღვროს და მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას მათი გათვალისწინება მოხდება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები