საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა შეყილაძემ ჯგუფს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გააცნო და აუდიტის სამსახურის მიგნებები და შენიშვნები წარადგინა.
მისი თქმით, აუდიტის საგანს წარმოადგენდა აკადემიის საქმიანობის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აუდიტმა მოიცვა 4 ძირითადი მიმართულება როგორც საიჯარო ურთიერთობების და შესყიდვების მართვის, ასევე სამივლინებო ხარჯების და შრომის ანაზღაურების კუთხით. მომხსენებელმა ჯგუფს სამსახურის მიერ გაცემული 4 რეკომენდაცია გააცნო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ასევე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის 2018-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილა და იმ რეკომენდაციებზე იმსჯელა, რომელიც ანგარიშის ფარგლებში იქნა გაცემული.
„აუდიტის პროცესი ხორციელდებოდა პანდემიის პირობებში, იყო შესაბამისი სირთულეები, მაგრამ აუდიტის ობიექტების მხრიდან ყველა შესაძლებლობა იყო გამოყენებული, რომ პროცესი საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში წარმართულიყო. ყველა მიგნება და რეკომენდაცია სამუშაო შეხვედრებზე ერთობლივად გვაქვს განხილული “,- განაცხადა ზაზა შეყილაძემ.
მისი განცხადებით, აუდიტის საგანს წარმოადგენდა სპორტული ფედერაციების საქმიანობის შესაბამისობა კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან.
მისივე თქმით, აუდიტის პროცესში მრავალი მიმართულება განისაზღვრა, მაგრამ აუდიტმა 4 ძირითადი მიმართულება მოიცვა, შესყიდვების მართვის, შრომის ანაზღაურების, საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების პროცესის და ფედერაციების შიდა კონტროლის კუთხით.
მისივე თქმით, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებობს პოზიტიური დინამიკა და მათი უმრავლესობა შესრულებულია.
ჯგუფის სხდომაზე თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა. იმსჯელეს ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი.
რეკომენდაციებთან დაკავშირებით, განხორციელდება როგორც საპარლამენტო კონტროლი, ასევე ზედამხედველობა აუდიტის სამსახურის მხრიდან.