დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების თაობაზე იმსჯელა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონის მიღებით, იქმნება აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის ნორმატიულ დონეზე მოწესრიგებისთვის.
კანონპროექტის მიხედვით, სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური. კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მის პლენარულ სხდომაზე გატანას. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საინვესტიციო ფონდების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” დეპუტატებს ეკა სეფაშვილმა წარუდგინა. „ცვლილების შესაბამისად, საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს ექნება მონაწილეობის უფლება, რაც საქართველოს კანონმდებლობით ამ ეტაპზე არ აქვს.
კერძოდ, სახელმწიფო ორგანოებს ანდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა”,- განმარტა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად, „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების” თაობაზე თემატური მოკვლევა იწყება.
„თემატური მოკვლევა განხორციელდება ვესტმინტერის დემოკრატიული ფონდის მხარდაჭერით და მისი მიზანია საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობების და არსებული პრობლემების გამოვლენა საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინებით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. კომიტეტმა თემატური მოკვლევის დაწყებას მხარი დაუჭირა.