ზაალ ანჯაფარიძე: „თეორიული შანსია, რომ არა აქციების ზეგავლენით, არამედ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ევროკომისიის დასკვნა გადაიხედოს“
„ძალიან მცირე, თეორიული შანსია, რომ არა აქციების ზეგავლენით, არამედ წმინდა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ევროკომისიის დასკვნა გადაიხედოს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანჯაფარიძე ევროკომისიის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა ენიჭება.
„რამდენადაც ევროკავშირის სტრუქტურების მუშაობის სტილს და ტრადიციებს ვიცნობ, ისინი აქციების ზეგავლენით უკვე მიღებულ და ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებებს ნაკლებად ცვლიან. არის ძალიან მცირე, თეორიული შანსი, რომ არა აქციების ზეგავლენით, არამედ წმინდა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ევროკომისიის დასკვნა გადაიხედოს. თუმცა, ეს შანსი ძალიან მიზერულია.
თუ ვიმსჯელებთ იმ ინფორმაციით, რაც ხშირად საჯარო სივრცეში არ ჩანს, 23-24 ივნისს ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ძალიან ცხარე დებატები გაიმართება. არ არის გამორიცხული, ამ დებატებმა რაიმე ისეთი შედეგი მოიტანოს, რასაც დღეს, შეიძლება, არ ველით.
ერთადერთი ხავსი, რასაც შეიძლება, ჩამოვეკიდოთ მძიმე გეოპოლიტიკური სიტუაციაა, რაც ახლა უკრაინასა და მის გარშემო ვითარდება.
თუ მიაქციეთ ყურადღება, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის განცხადებაში ასეთი რამ თქვა: ჩვენ ამით რუსეთს მესიჯს ვუგზავნით, რომ ამ ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან ვგლეჯთ, მან უკვე აღარ შეიძლება, ამ ქვეყნებზე ზეგვალენაზე პრეტენზია განაცხადოსო. ანუ ეს წმინდა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაკრონმა პირდაპირ თქვა, რომ არა ომი უკრაინაში, ის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდაო. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დასკვნაზე ზეგვალენა ფაქტორების ერთობლიობამ მოახდინა. „ნაციონალებმა“ , მათმა ლობისტებმა, მათთან აფილირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარგად იმუშავეს. ანგარიში ამერია, რამდენი ვიზიტი მოაწყვეს ბრიუსელში, სადაც საქართველოზე ძალიან კრიტიკული ინფორმაცია და ანგარიშები ჩაიტანეს“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.