„ყვავილები არ ჰყვავიან აღელვებულ ზღვაში“ – ბუკა ღვაბერიძის გამოფენა, ფანტომური ტკივილების ფონზე
18-24 ივნისს „ცალკე სივრცე“ მასპინძლობს ბუკა ღვაბერიძის გამოფენას – „ყვავილები არ ჰყვავიან აღელვებულ ზღვაში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია: შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, ვიდეოინსტალაციები, გრაფიტი და ბეჭდური მედია.
„გამოფენის იდეა ყოველდღიურად მომხდარი სამწუხარო ამბების შემდეგ დაიბადა.
უკრაინის ომმა და მისგან გამოწვეულმა ტრამვებმა ფანტომური ტკივილები გააღვიძა ჩვენში და საბოლოოდ მივედით ისევ იქ, სადაც სულ ვიყავით. ვიაზრებთ, რომ ვმოძრაობთ მარადიულ წრეზე, იცვლება მხოლოდ პერსპექტივები უფრო სწორედ მირაჟები, მაგრამ წრე ისევ იმავე წრედ რჩება.
პროექტი პირველ რიგში იმ შეგრძნებების გამოხატვაა, რომლებიც საკუთარ ქვეყანასთან ურთიერთობისას ჩნდებიან, ამ განცდების უმრავლესობა ერთ სიტყვამდე, ტკივილამდე დაიყვანება. თითოეული ნამუშევრის ობიექტი არის ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქის სტატუსის ქვეშ ცხოვრობს.
ჩვენ იშვიათად ვსვამთ კითხვებს – სინამდვილეში საჭირო და საკვანძო კითხვებს, რომლებიც ყველას მიემართება, ვინც საქართველოს ნაწილია.
გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი სწორედ კითხვას სვამს, რომელსაც საკუთარ თავს ვკითხავდით, კარგი იქნებოდა, გვეკითხა…. იქნებ სჯობს, ვიცხოვროთ კითხვებით და არა პასუხებით, რომლებიც არ მუშაობენ? აღარ ავირჩიოთ სწრაფი მზა პასუხები, რომლებიც მარტო იმიტომ არსებობენ, რომ კითხვები გააქრონ.
ცოტა ხნით დავფიქრდეთ კითხვაზე და არ გვეშინოდეს მისი, ან ეს შიშიც, როგორც საჭირო, ისე მივიღოთ. ასეთი პირდაპირი კითხვების ნამუშევრებში გადატანა რისკია, მაგრამ დღეს თუ მართლა გსურს ამ თემაზე რამე თქვა, უნდა იცოდე, რომ ნეიტრალური გამოსავალი აღარ არსებობს, გადარჩები ან ჩაიძირები.
გამოფენის სახელწოდება – „ყვავილები არ ჰყვავიან აღელვებულ ზღვაში” – აღებულია გალაკტიონ ტაბიძის 1915 წელს დაწერილი ლექსიდან „ბედისწერა”.
ეს ფრაზა პირდაპირი პროექციაა ქვეყნის ბედის, მისი დაწერიდან დღემდე… ყვავილები არც ისეთ ქვეყანაში ჰყვავიან, სადაც ზღვა მუდამ აღელვებულია.
ჩვენი ქვეყანა განთავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლით, არსებული თუ არ არსებული მტრების დევნით დაღლილი სხეულია, რომლის სიტლანქეც ტკივილის ნოსტალგიამ გამოიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.