ანჯაფარიძე: გვახსოვს ასეთივე თარიღი, როცა ვნახეთ, პროტესტმა რა ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც სადავეები რადიკალმა პოლიტიკოსებმა აიღეს ხელში

იმ პერიოდში, რაც სამიტამდეა დარჩენილი, ალბათ, მიზანშეწონილია, და ვფიქრობ, საღი აზრიც ამას გვკარნახობს, რომ ევროკავშირს ვუჩვენოთ – სახელმწიფო და საზოგადოება დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს დგამენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანჯაფარიძე დღეს დაგეგმილ აქციას – „შინ ევროპისკენ“ გამოეხმაურა, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება. აქცია „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

„დღეს მთელი საზოგადოების ყურადღება, როგორც დღის ახალ ამბავზე, 20 ივნისის, ანუ დღევანდელი დღის აქციაზეა კონცენტრირებული. ყველა იმას ელოდება, თუ რა მიმართულებით წავა ეს აქცია, მშვიდობიან ფორმატში დარჩება თუ ისეთ ხასიათს მიიღებს, რომელმაც შეიძლება, გარკვეული დაპირისპირება, ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ჩვენ გვახსოვს 2019 წლის ასეთივე თარიღი, როდესაც ვნახეთ, ახალგაზრდების დაწყებულმა ჯანსაღმა და მშვიდობიანმა სამოქალაქო პროტესტმა რა ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც ამ პროცესის მართვის სადავეები რადიკალმა პოლიტიკოსებმა აიღეს ხელში.

23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სახელმწიფოების სამიტი უნდა შედგეს, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებაზე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შესაბამისად, მინდა, იმის იმედი დავიტოვო, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ამ აქციაშია ჩართული, სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ისეთ რამეს არ გააკეთებენ, რაც ამ პროცესს დააზიანებს. ევროკომისიის დასკვნაში ერთერთი მთავარი რეკომენდაცია ქვეყანაში პოლარიცაზაციის დასრულებაა. შესაბამისად, იმ პერიოდში, რაც სამიტამდეა დარჩენილი, ალბათ, მიზანშეწონილია და ვფიქრობ, საღი აზრიც ამას გვკარნახობს, რომ ევროკავშირს ვუჩვენოთ – სახელმწიფო და საზოგადოება დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს დგამენ. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ის განცხადებები და გამონათქვამები, რასაც ოპოზიციური პარტიებისგან, მათთან აფილირებული ცნობადი სახეებისგან ვისმენდით, იძლევა იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ეს აქცია მთლად მშვიდობიანი არ იყოს. ისინი აცხადებენ, რომ 20 ივნისი დასაწყისია, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. მათი არგუმენტი ისაა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ ძალუძს იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც ევროკომისიამ დაგვისახა“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები