“ცინიკური იქნება, ვუთხრათ უკრაინას და მოლდოვას – კარებთან დაგველოდეთ” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ცინიზმი იქნება, თუ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შიდა გამოწვევების გამო არ მიენიჭება.

ამის შესახებ მან ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი რთულ ვითარებებში ყოველთვის იზრდებოდა და მას ლიდერობა სჭირდება, რომ ამ გზაზე უკრაინას და მოლდოვას მხარი დაუჭიროს.

“ჩემი აზრით, აბსოლუტურად ცინიკური იქნება, ახლა ვუთხრათ უკრაინას და მოლდოვას: ხომ არ შეგიძლიათ, კარებთან დაგველოდოთ, სანამ ჩვენ ყველა საშინაო საკითხებს მოვაგვარებთ. ახლა იმ მომენტში ვიმყოფებით, როდესაც გადაწყვეტილებაა საჭირო”, – თქვა ბურბოკმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი ისტორიული მომენტის წინაშე დგას და ბლოკის გაფართოების კონტექსტში რეალობა უნდა იყოს გათვალისწინებული და არა – თეორია.

„დარწმუნებული ვარ, გვაკისრია პასუხისმგებლობა არამხოლოდ მკაფიოდ ვუთხრათ უკრაინას: თქვენ ხართ ევროპის ნაწილი, და ჩვენ მადლობელი ვართ, ევროპული ღირებულებების დაცვისთვის, არამედ ის უნდა მივიღოთ ჩვენს ევროპულ წრეში. ლოგიკურია, რომ ეს რთული პროცესია, მაგრამ ახლა არ არის მექანიკური უაზრო პროცესის გამოყენების დრო, არამედ ისტორიული მომენტი უნდა იყოს გამოყენებული“, – თქვა გერმანელმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები