საქართველო ევროკავშირის გზაზე ძალიან მკაფიოდ დგას; ადრე თუ გვიან ჩვენ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები გავხდებით, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მეტრეველი ევროკომისიის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა ენიჭება.
„საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ბევრი ტყუილ-მართალია არეული. ხაზგასმით მინდა, ითქვას, რომ ქართული სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს ეს სტატუსი მიეღო. ყველა ობიექტური პარამეტრით, გნებავთ მსოფლიო ბანკის დასკვნით, გნებავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, საქართველო ამ ტრიოში ლიდერი სახელმწიფო იყო. რით ავხსნათ ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, უკრაინამ და მოლდოვამ კი მიიღეს. ძალიან მარტივია ის გეოპოლიტიკური სურათი, რომელიც შექმნილია. უკრაინაში ომია. მოლდოვას რაც შეეხება: დემოკრატიის მიმართულებით ყველაზე უკან იყო, თუმცა, აღსანიშნავია მისი ასევე გეოგრაფიული მდგომარეობა და ბოლო პერიოდში რუმინეთის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირები. რამდენიმე დღის წინ მოლდოვისა და რუმინეთის ერთობლივი საპარლამენტო სხდომა გაიმართა. ასეთი რამ 1917 წლის შემდეგ არ მომხდარა. ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოლდოვა რეალურად რუმინეთის სახელმწიფოს წევრი ხდება. აქედან გამომდინარე, ბევრად მარტივად ახსნადია ის, თუ რატომ მიიღო მოლდოვამ ეს სტატუსი.
მინდა, ცალსახად გამოვყო ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან კარგი მუშაობა. ვერ ვიხსენებ მაგალითს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთი სერიოზული ტურნე გაემართა, ბოლო თვის განმავლობაში დაახლოებით 20 უმაღლესი შეხვედრა იყო. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. ქართულ საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენს ქვეყანაში არაფერი საგანგაშო და ცუდი არ ხდება. საქართველო ევროკავშირის გზაზე ძალიან მკაფიოდ დგას; ადრე თუ გვიან ჩვენ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები გავხდებით“, – განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკურ არენაზე დღესაც საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს.
„ჩვენი ხელისუფლება ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაშია. საქართველოს მხრიდან სახელმწიფოების მიმართ კრიტიკა არ კეთდება, კრიტიკა არის რამდენიმე, კონკრეტული ევროპარლამენტარის მიმართ. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ არავის ვასლები არ ვართ. ჩვენ დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფო ვართ. საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკურ არენაზე დღესაც საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს. გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოქმედებები ანტიტერორისტულ ოპერაციებში, ეს იყო ავღანეთი თუ ერაყი. საქართველო ბევრ ნაბიჯს დგამს და არ იმსახურებს იმ უსინდისო შეფასებებს, რომელსაც ვიღაც მარკეტა გრეგორევები და კუბილიუსები აკეთებენ. მათთან მიმართებით, ბუნებრივია, ადეკვატური პოზიცია იქნება. მათი განცხადებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მათ არავინ ეკითხებათ, აქ ქართველი ხალხი ვის და როგორ აირჩევს“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.