მიხეილ სარჯველაძე: 24 ივნისის გადაწყვეტილება, თვისებრივად, იმავე შინაარსის მატარებელი იქნება
ევროკომისიის გადაწყვეტილება გახლავთ იმ შინაარსის, რომელიც მომდევნო ეტაპებსა და მომდევნო ნაბიჯებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს 24 ივნისის გადაწყვეტილება, თვისებრივად, იმავე შინაარსის მატარებელი იქნება.
„მოსალოდნელია, რომ 24 ივნისის გადაწყვეტილება თვისებრივად იმავე შინაარსის მატარებელი იქნება. შესაბამისად, კომენტარები, რომლებიც ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად გაკეთდა, კვლავაც აქტუალური და ძალაში მყოფია. ევროკომისიის გადაწყვეტილება გახლავთ იმ შინაარსის, რომელიც მომდევნო ეტაპებსა და მომდევნო ნაბიჯებს განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო გააგრძელებს ახალი სტატუსით მუშაობას შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.