შალვა პაპუაშვილი: სამოქალაქო საზოგადოება გასაძლიერებელია, რათა პროცესებში სპეციალიზაციით იყვნენ ჩართულები; ამის ნაკლებობა ნამდვილად არის
სამოქალაქო საზოგადოება გასაძლიერებელი სწორედ ამ კუთხითაა, რომ პროცესებში მათი სპეციალიზაციით იყვნენ ჩართულები. ამის ნაკლებობა ნამდვილად არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით ევროპული გადმოსახედიდან, ძირითადად, ეს არის პროფესიული გაერთიანებები, არის ასოციაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიან სხვადასხვა საკითხში. ეს შესაძლოა იყოს გარემო, ადამიანის უფლებები, ცხოველთა დაცვა, სამედიცინო სფერო, თუ სხვა ნებისმიერი. სამწუხაროდ, ჩვენთან ტენდენციაც არ არის. გამოკვეთილია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერში სპეციალისტად მოიაზრებს თავს.
ხანდახან არასერიოზულობის დონე იქამდეც მიდის, რომ ადრეც მითქვამს, დააკვირდით, არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებები კეთდება. წაიკითხეთ არასამთავრობო ორგანიზაციების სია. მათი სახელიდან მიხვდებით სპეციალიზაციას, რომ არანაირი კავშირი არჩევნებთან არ აქვთ. მაგალითად, ცენტრი „ემპათია“. არჩევნებთან დაკავშირებით ან რა კვალიფიკაცია და ცოდნა აქვს, ან რა პრეტენზია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი აზრი მოახსენოს.
სამოქალაქო საზოგადოება გასაძლიერებელია სწორედ ამ კუთხით. თუნდაც, ცენტრ „ემპათიას“ რაც შეხება, სამედიცინო სფეროში შესაძლოა, მათი აზრი საინტერესო იყოს. სამოქალაქო საზოგადოება გასაძლიერებელი სწორედ ამ კუთხითაა, რომ პროცესებში მათი სპეციალიზაციით იყვნენ ჩართულები. ამის ნაკლებობა ნამდვილად არის. მხოლოდ რამდენიმე სფეროზე სპეციალიზებული არასამთავრობო სექტორი გვყავს. არადა ევროკავშირთან დაახლოება ძალიან ბევრ სექტორს გულისხმობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.