ბექა დავითულიანი – ევროკომისიაზე: გვითხრეს, თქვენ მეტი უნდა გააკეთოთ, უფრო შორს ხართო – რაც შეეხება ივანიშვილს, ის ოლიგარქი არც ყოფილა და არც არის
გვეუბნებიან, რომ არის ხარვეზები, რომელთა გამოც ჩვენ, უხეშად რომ ვთქვათ, საშემოდგომო გამოგაყოლეთ და იანვრამდე დაგიტოვეთო, კი ბატონო, გავიგეთ. ახლა ეს უნდა აღმოვფხვრათ – ჩვენ ამ ყველაფერს მართლა გავაკეთებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ არ დაგვჩაგრეს, ჩვენ უბრალოდ გვითხრეს, რომ თქვენ მეტი უნდა გააკეთოთ, უფრო შორს ხართო. ამ ხალხმა რეკომენდაცია ჩვენც, მოლდოვასაც და უკრაინასაც მოგვცა, რეკომენდაციების მოცემის პარალელურად, მათზე ავანსად სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, ჩვენ გვითხრა, რომ ჯერ რეკომენდაციები შეასრულეთ, მერე მოგანიჭებთო.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე ცალსახად წარმატებაა, მაგრამ „ტრიოში“ ჩვენ რომ არ მოგვენიჭა და მათ მიენიჭა, რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია. უკრაინას და მოლდოვას ვერ ჩამოვრჩებოდით, იმიტომ რომ მათივე შეფასებით, ჩვენ მოლდოვაზე და უკრაინაზე რამდენიმე თავით წინ ვართ და რეფორმების განხორციელების კუთხით რამდენიმეჯერ ვჯობივართ, თუმცა, მათ სტატუსი მაინც მიენიჭათ და ჩვენ არა”, – განაცხადა დეპუტატმა.
დავითულიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არც ყოფილა და არც არის.
“ოლიგარქი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ძალაუფლებას კერძო ინტერესებისთვის იყენებს. ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებით ფულს შოულობს?! ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ივანიშვილი ოლიგარქი არც ყოფილა და არც არის. მას ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა აღარ აქვს, ევროპის ნაწილი და ოპოზიცია ამბობს, რომ აქვს. გამოსავალი რა არის?! – გამოსავალი არის ამ მონიტორებთან დავსხდეთ და ვიმსჯელოთ“, – განაცხადა დავითულიანმა.