აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა, ერთობლივი თემატური მოკვლევის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს

აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან არსებული თემატური მოკვლევის – „DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ” ჯგუფმა, მორიგი ზეპირი მოსმენის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებს მოუსმინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გაბუნიამ აგრარულ დარგში ევროპასთან DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობების და კერძო სექტორის დასაბუთებული მოსაზრებების საფუძველზე, მათი უწყებების მიმართ გაჩენილ კითხვებს უპასუხეს.

„აგრარული მიმართულებით DCFTA-ით და ასოცირების შეთანხმების შესრულებასა და ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო უწყებებს მოვუსმინეთ, რომელთა მიმართ კონკრეტული შეკითხვები არსებობს. ეს ვალდებულებები არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი რომ შესრულდეს, არამედ მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინტერესის დაცვის და ხარისხიანი აგრარული პროდუქტის მისაღებად. ამიტომ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა პრიორიტეტულობით შეიძლება ბიუჯეტში იქნეს გათვალისწინებული ამ ვალდებულებების შესრულების საკითხი, რათა საბოლოო ჯამში ვიცოდეთ კონკრეტული ვადები, თუ როდის მოხდება მათი ამოქმედება როგორც ვეტერინარიის, ასევე სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. დღეს ყველა კითხვაზე, რაც გვჭირდებოდა იმისთვის, რომ საბოლოო რეკომენდაციები შევიმუშაოთ, სამინისტროების მხრიდან იქნა პასუხი გაცემული”, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

თემატური მოკვლევის ჯგუფი, ზეპირი მოსმენების შედეგად მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ნინო წილოსანის განცხადებით, სამინისტროების მხრიდან ამ რეკომენდაციების შესრულებამ ხელი უნდა შეუწყობს DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ეფექტიანად აღსრულებას. ჯგუფმა, დღემდე, თემატური მოკვლევის ფარგლებში, უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ორი ზეპირი მოსმენა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები