ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი იტალიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

თურქეთის რიგით მე-5 საზღვაო სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – თამარ იოსელიანი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – ივანე აბაშიძე იტალიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს, ედოარდო რიქსს შეხვდნენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და ორმხრივი პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო ადმინისტრაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, პორტებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ქართველი მეზღვაურების დასაქმებისა და პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იტალიელ კოლეგებს გააცნო საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი საზღვაო და სატრანზიტო ჰაბის, მზარდი როლი, მიმდინარე რეფორმები და სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საზღვაო სექტორის შემდგომ განვითარებასა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სააგენტოს პირველი მოადგილე – ნათია მიმინოშვილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები