„მანონ ლესკოს“ პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პუჩინის ულამაზესი ოპერა – „მანონ ლესკო“ უბრუნდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას. საპრემიერო ჩვენებები 9,10,16,17,23,24 ივლისს გაიმართება. ეს არის ლატვიის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის პროდუქცია.
დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – ინარა სლუცკა, დამდგმელი მხატვარი მარტინ ვილკარსი, კოსტიუმების დიზაინერი – კეიტა, დრამატურგი – მიკუს ცეში, ვიდეო კატრინა ნეიბურგა, განათების დიზაინერი – იგორ კაპუსტინსი, ქორეოგრაფი – ედიტა ბუკოვსკა.

ჯერ კიდევ უცნობმა კომპოზიტორმა, ჯაკომო პუჩინიმ თავისი მესამე ოპერა – „მანონ ლესკო“ აბატ პრევოს პოპულარული რომანის – „შევალიე დე გრიესა და მანონ ლესკოს ისტორია“ მიხედვით დაწერა. ამ სიუჟეტზე უკვე არსებობდა 2 ოპერა და ბალეტი. კერძოდ, ჟიულ მასნეს ოპერა დიდი წარმატებით იდგმებოდა მსოფლიოს წამყვან თეატრებში. მაგრამ პუჩინი თავისებურად ხედავდა პრევოს ნაწარმოებს. მისი თქმით, „მასნე აღიქვამს ამ სიუჟეტს როგორც ფრანგი – პუდრით და მენუეტით, მე კი, როგორც იტალიელი – ვნებით და სასოწარკვეთით.“ ჯაკომო პუჩინიმ ოპერა „მანონ ლესკო“ ლუიჯი ილიკას, მარკო პრაგას, დომენიკო ოლივას ლიბრეტოს მიხედვით შექმნა. სპექტაკლის პრემიერა 1893 წელს ტურინის ტეატრო რეჯოში შედგა. ეს იყო კომპოზიტორის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება. შემდეგ წელს „მანონ ლესკო“ ლონდონის კოვენტ გარდენში დაიდგა. ბერნარდ შოუზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სპექტაკლმა, რომ მან პუჩინი ჯუზეპე ვერდის მემკვიდრედ გამოაცხადა. საქართველოში „მანონ ლესკოს“ პრემიერა 1897 წელს თბილისის „სახაზინო“ თეატრში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები