ირაკლი კობახიძე – რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა
რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე აქცენტი კეთდება, ეს არის სამწუხარო და ძალიან მძიმედ მოსასმენი საზოგადოებისთვის.
მისივე თქმით, 2005 წელს, როცა იქმნებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სქემა, სწორედ გეოგრაფიული მოტივით საქართველოს თავდაპირველად ეთქვა უარი, თუმცა, შემდეგ საქართველო გახდა სქემის შემადგენელი ნაწილი.
„ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე აქცენტი კეთდება, ეს არის სამწუხარო და ძალიან მძიმედ მოსასმენი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი, ფიზიკური მოცემულობა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე საქმეზე მიდგება. არ ვიცი, რატომ გახდა ასეთი აქტუალური, ამის ახსნა მე გამიჭირდება, უნდა ვკითხოთ ამ რიტორიკის ავტორებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.