“რუსეთი ელოდა, რომ კიევს შეჭრიდან 12 საათში აიღებდა” – რეზნიკოვი
რუსეთი კიევის აღებას შეჭრიდან 12 საათში ელოდა, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ამას მოწმობს ლიკვიდირებულ რუს ოფიცერთან აღმოჩენილი დოკუმენტი.
“მათ ეგონათ, რომ 12 საათში კიევის ცენტრში იქნებოდნენ, რადგან გულუბრყვილოდ ვარაუდობდნენ, რომ უკრაინის მთავრობა დედაქალაქს მათი შეჭრიდან 72 საათში დატოვებდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენი პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქშიც გულუბრყვილოები იყვნენ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ შემოჭრა გარდაუვალია და თქვენ დაეცემით. თქვენ მხოლოდ 72 საათი გაქვთ. ამიტომაც არ მოგვცეს მძიმე იარაღი”, – ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინამ მარტის ბოლოს კიევის რეგიონი გაათავისუფლა, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინისთვის უფრო მძიმე იარაღის მიწოდება დაიწყეს.