კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი – „მომავლის ხმები“ გაიმართება

17-24 ივნისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი – „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე და სიახლეებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ბრიფინგზე ისაუბრეს.
წელს ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250- ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.
17-20 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში ანაკლიას ესტუმრებიან – წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ხოლო მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მათ სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, სენაკის და ბაღდათის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ჩაანაცვლებენ.
მონაწილეებისთვის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში გაიმართება ორი კონცერტი, რომელშიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ბავშვთა ანსამბლი „მართვე“. აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა და გადამზადდნენ მოხალისეები, რომლებიც ბავშვთა გუნდების ლიდერები იქნებიან.
სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები