აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” და ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება მოისმინა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანალიზთან ერთად, მომდევნო წლის პროგნოზებზეც ისაუბრა.

„წლევანდელი ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ჩვენს ეკონომიკაზე უარყოფითი ფაქტორები გამოიწვია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა იყო უფრო მაღალი, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, ამ ეტაპზე, არ ვცვლით ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და 6%-იან ზრდას ვინარჩუნებთ. ხოლო, ტურიზმის აღდგენის პირობებში შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ზრდის მაჩვენებელიც მივიღოთ”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნეგატიური მიმართულებით მოსალოდნელ რისკებზეც, რაც, მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების, ასევე, საერთაშორისო მოთხოვნის შემცირების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ. „2023-2026 წლებში ველოდებით 5,5 % ეკონომიკურ ზრდას. საერთაშორისო მოვლენების შედეგად გამოწვეულ ინფლაციასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ინფლაციის ტემპის შემცირება. იმავე წლის მეოთხე კვარტალში ვვარაუდობთ, რომ ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელზე ჩამოვიდეს”, – განაცხადა მომხსენებელმა.

ბიუჯეტის შესრულებისა და სამომავლო პროგნოზებზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს სამინისტროების მონაცემებიც გააცნო. დეპუტატების შეკითხვებს, მომხსენებელთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილიც პასუხობდა. დღესვე, კომიტეტმა „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოში სელექციონერის მიერ გამოყვანილი მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეა. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები