ხულოს მუნიციპალიტეტს კელი დეგნანი ეწვია

ხულოს მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს წევრი – ფრიდონ ფუტკარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე – რენარ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას და იმ წარმატებებს, რომლებსაც უკვე 30-წლიანი ისტორია აქვს.

,,აშშ-ის ელჩის სტუმრობა ხულოში ჩვენთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას და იმ მიღწევების შენარჩუნებას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომით მიაღწია. ვიმედოვნებთ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერით საქართველო მომავალში მეტ წარმატებებს მიაღწევს“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

დღესვე, კელი დეგნანმა, დაბა ხულოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამერიკული თარო გახსნა, სადაც შეხვედრა გამართა ამერიკული თაროს მოხალისეებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები გაიმართა ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის მონაწილეებთან, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

კელი დეგნანის ვიზიტი ხულოში, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავი ტურნეს ფარგლებში გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები