ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უკრაინის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ
ევროკომისიის სპიკერის, ერიკ მამერის განცხადებით, კომისიას უკრაინის სტატუსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი თქმით, საკითხზე მუშაობა გრძელდება.
ამის შესახებ მამერმა ბრიუსელში ბრიფინგზე თქვა.
„პრესაში წავიკითხე, რომ კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს სრული სიცრუეა. იყო დებატები, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკომისართა კოლეგიის წევრებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით, რომ 17 ივნისისთვის გადაწყვეტილება მომზადდეს”, – განმარტა მან.
ერიკა მამერმა ასევე თქვა, რომ ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომლის ხანგრძლივობა შესაძლოა, განსხვავდებოდეს გარემოებების მიხედვით.
„სამსახურები ასრულებენ დოკუმენტზე მუშაობას, 15 ივნისს იქნება დეპარტამენტების უფროსების შეხვედრა, რომლებიც, თუ ყველაფერი კარგად წავა, დაადასტურებენ საბჭოს დღის წესრიგს, 17 ივნისს კი იქნება დებატები და, იმედია, გადაწყვეტილებებიც”, – თქვა მან.
“პოლიტიკომ” დღეს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატურის მინიჭებაზე დადებითი პასუხი მიიღო. ასევე, საუბარია, რომ “მწვანე შუქს”, სავარაუდოდ, მოლდოვასაც აუნთებენ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით კითხვები რჩება.