გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი მოსმენით განიხილა.

პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, კანონის მიღების შედეგად ჩნდება კომპეტენტური სუბიექტი, რომელსაც აქვს რესუსი და შესაძლებლობა აწარმოოს გამოცდა, შეავსოს მცენარის სელექციასთან და მათ მწარმოებელ სელექციონერის უფლებასთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვი, დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მცირე მოთხოვნა და სრული ღირებულებათა ჯაჭვის პირობებში გააჩინოს ახალი მოთხოვნა მომსახურებაზე.

დეპუტატის განმარტებით, ახალი ჯიშის გამოყვანის შემდგომ, სელექციონერი ვერ ახერხებს მისთვის განსაკუთრებული უფლების შესაბამის რეგისტრაციას, რადგან საქართველოში არ არსებობს აკრედიტებული სუბიექტი, რომელიც მოახდენს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის მცენარის აუცილებელ გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანი მცენარის სელექციონერის უფლების დაცვაა. გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ცვლილების მიღებით, ხდება ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციასთან”.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სელექციონერებს ხელი ეშლებათ, რენტაბელური გახადონ მათ მიერ შექმნილი ახალი ჯიშები. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბევრი გავლენის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

დღესვე, კომიტეტმა პირველი მოსმენით, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუასა და გივი ჭიჭინაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განიხილა.

კანონპროექტები მიზნად ისახავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვას და მათი დაზიანების შემთხვევაში, ჯარიმების გაორმაგებას. კერძოდ, უნებართვოდ მწვანე ნარგავების დაზიანების, მოჭრის, ხის გადარგვის ან მისი სხვაგვარად ხელყოფის ფაქტზე, ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე იზრდება, იმავე ქმედების განმეორებითი შემთხვევისთვის დაწესებული ჯარიმა კი 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზრდება.

„მწვანე ნარგავების უნებართვო მოჭრების ფაქტებმა გამოკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც აუცილებელია, დარეგულირდეს. არსებული რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების უნებართვოდ განადგურების შემთხვევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს კონტროლის გამკაცრების საჭიროება. ამასთანავე, კანონპროექტის მიღება იქნება ერთგვარი პრევენცია და სიგნალი პოტენციური სამართალდამრღვევებისათვის, რომ არ ჩაიდინონ შესაბამისი სამართალდარღვევები, რადგან მათ მიმართ გამოყენებული იქნება გაცილებით მკაცრი სანქციები”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა. კომიტეტმა პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები