პროექტი „წიგნის ბუდე“ თიანეთს ეწვია
პროექტი „წიგნის ბუდე“ ამჯერად თიანეთს ეწვია. ღონისძიების ფარგლებში, ვაჟა ფშაველას სახელობის სკვერსა და თიანეთის ბიბლიოთეკის შენობასთან მდებარე სკვერში „წიგნის ბუდეები“ მოეწყო. ამიერიდან თიანეთელ ბავშვებს და არამარტო მათ შეეძლებათ, „წიგნის ბუდიდან“ ნებისმიერ დროს აიღონ მათთვის სასურველი წიგნი, წაიკითხონ ის ადგილზე ან სულაც, სახლში წაიღონ; წაკითხული წიგნი კი, შემდეგ ისევ „ბუდეში“ დააბრუნონ ან სხვა წიგნით ჩაანაცვლონ.
„წიგნის ბუდე“ ფოტოგრაფ გოგა ჩანადირისა და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომელიც თბილისის რამდენიმე სკვერში უკვე განხორციელდა. „წიგნის ბუდეების“ თიანეთში ჩატანის ინიციატივა საქართველოს წითელი ჯვრის თიანეთის ფილიალის მენეჯერს, თათია ტიღინაშვილს ეკუთვნის და „პროკრედიტ ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
„თიანეთის განვითარებისთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე წელია, რაც თიანეთში დავბრუნდი. 3 შვილი მყავს და ძალიან მინდა, რომ თიანეთში რაღაც ახალი გაკეთდეს. ამ ღონისძიებისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გოგა ჩანადირს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს; ბატონ მირიან ხოსიტაშვილს და ჩვენს მერს, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროექტში. რაღა თქმა უნდა, მადლობა „პროკრედიტ ბანკს“, რომელიც გვერდით დაგვიდგა. იმედი მაქვს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც კარგი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა თათია ტიღინაშვილმა.
როგორც პროექტის იდეის ავტორმა, ფოტოგრაფმა, გოგა ჩანადირმა აღნიშნა, „წიგნის ბუდე“ ქვეყანაში განათლებისა და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„ჩვენ ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ამ ქვეყანაში წიგნი გავავრცელოთ. წიგნს მოაქვს ცოდნა და განათლება, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გვყავდეს ძლიერი ოჯახები და გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო. „წიგნის ბუდე“ ერთ-ერთი გზაა ამისათვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ხელი შეუწყო თიანეთში წიგნის ორი „ბუდის“ დადგმას. მინდა, რომ მათ ბევრმა მიბაძოს,“ – განაცხადა გოგა ჩანადირმა.
თიანეთის პროექტი “პროკრედიტ ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. როგორც ბანკის დირექტორმა, მარიტა შეშაბერიძემ აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებების რეგიონში ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვართ, რომ „პროკრედიტ ბანკი“ შეუერთდა ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივას. ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი პროექტების როლი ქვეყნის წიგნიერების გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია. „პროკრედიტ ბანკი“, როგორც განათლებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, მუდმივად მზად არის, დაუჭიროს მხარი ნებისმიერი ასეთი პროექტის განხორციელებას. განსაკუთრებით მიხარია, რომ ეს ღონისძიება რეგიონში ჩატარდა და ამ მიმართულებით, მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს,“- განმარტა მარიტა შეშაბერიძემ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა წიგნიერი თაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „წიგნის ბუდე“ ახალგაზრდა მკითხველს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება.
„ჩვენი მიზანი საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობაა. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროექტი ხელს უწყობს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, რადგან ყველა წიგნი, რომელსაც მკითხველი აქ წაიკითხავს, შეიძლება სახლშიც წაიღოს და შემდეგ ისევ უკან დააბრუნოს. ჩვენ გვჭირდება წიგნიერი თაობა და არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს,“ – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თიანეთის მერმა, ლევან წიკლაურმაც, რომელმაც მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მერია მსგავს პროექტებში სამომავლოდაც ჩაერთვება.
„დღეს ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება, ზოგადად, წიგნს და წიგნთან დაკავშირებულ ადამიანებს; ყველას, ვისაც აქვს სურვილი, წაიკითხოს წიგნი, იყოს უფრო განათლებული და ჰქონდეს ის ხედვა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებსა და დამფინანსებლებს. მე, როგორც მერი, მივესალმები ამ პროექტს. მერია მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის დაუჭერს მხარს,“ – განაცხადა ლევან წიკლაურმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგაა“. როგორც „ქოლგას“ დამფუძნებელმა, ანა ჩანგიანმა განაცხადა, ის და მისი გუნდი პროექტში სიამოვნებით მონაწილეობს, რადგან მსგავსი ღონისძიებები მომავალი თაობების განათლებისთვის მნიშვნელოვანია.