ესპანეთში უკრაინული სიმინდის პირველი პარტია ახალი მარშრუტით ჩაიტანეს
ესპანეთში, ლა კორუნიას პორტში 18 ათასი ტონა უკრაინული სიმინდით დატვირთული გემი ახალი მარშრუტით ჩავიდა.
ამის შესახებ CNN-ს ლა კორუნიას პორტის პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც უკრაინული მარცვლეულის იმპორტიორ კომპანია Agafac-ში განაცხადეს, ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში ბალტიის ზღვით ე.წ. ახალი საზღვაო მარშრუტით ჩაიტანეს.
„ეს არის სიმინდის მხოლოდ მცირე რაოდენობა, მაგრამ ეს მარშრუტი აღადგენს უკრაინიდან ყველაფრის იმპორტის უნარს“, – თქვა კომპანიის დირექტორმა, ბრუნო ბიდმა.
Agafac-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინიდან სიმინდი სატვირთო მანქანებით პოლონეთსა და რუმინეთში გაიტანეს. ამის შემდეგ, სიმინდი გემზე პოლონეთის პორტ Swinoujscie-ში დატვირთეს.