ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია, თუმცა, რამდენი ტერიტორიის, სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და დემოკრატიის რა რაოდენობის მსხვერპლად შეწირვისთვის არიან მზად უკრაინელები.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ეს არის მორალური დილემა, რომელიც უკრაინაში პუტინის ძალადობრივმა შეჭრამ წარმოქმნა.
ამის შესახებ მან ფინეთში ვიზიტის დროს, ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობისთვის საუკეთესო გზა პუტინის მიერ ომის დასრულებაა.
„მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ ისმის კითხვა, როგორი მშვიდობა? თუ უკრაინა გაიყვანს საკუთარ ჯარებს და შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ევროპაში. თუ პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ჩვენ გვექნება მშვიდობა. ანუ დილემა შემდეგია – მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია, დანებებას შეუძლია მშვიდობის მოტანა, თუმცა, როგორც უკვე ვიხილეთ, უკრაინელებისთვის მიუღებელია მშვიდობა ნებისმიერ ფასად. მათ უკვე გადაიხადეს დიდი საფასური დამოუკიდებლობისთვის. ჩემი შესაფასებელი არ არის, რამდენად მაღალი საფასურის გადახდისთვის უნდა იყვნენ მზად უკრაინელები. ჩვენც ვიხდით საფასურს, რადგან ვეხმარებით უკრაინას. ჩვენ ვხედავთ სანქციების ეკონომიკურ შედეგებს. თუმცა, ეჭვგარეშეა რომ ყველაზე დიდ საფასურს უკრაინელები იხდიან ყოველდღე. ამიტომ, არა ჩემი, მათი შესაფასებელია, რა საფასურის გადახდისთვის არიან მზად მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის მორალური დილემა – მშვიდობა შესაძლებელია, ისმის კითხვა, რამდენად დიდი საფასურის გადახდისთვის არიან ისინი მზად. უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად საუკეთესო გზა პუტინის მიერ ამ უაზრო ომის შეწყვეტაა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთი კაცი, ერთი სახელმწიფო არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება და ეს არის პრეზიდენტი პუტინი. დიახ, ჩვენ ვდგავართ რთული დილემების წინაშე, მაგრამ ეს დილემები შექმნა პუტინის ძალადობრივმა შეჭრამ უკრაინაში და ეს შეიძლება, მოგვარდეს, თუ ის ომს დაასრულებს. ასე რომ, მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ კითხვა შემდეგია – რა საფასურის გადახდისთვის ხართ მზად, რამდენი ტერიტორიის და რამდენი სუვერენიტეტის დათმობისთვის, რამდენი თავისუფლებისა და რამდენი დემოკრატიის მსხვერპლად შეწირვისთვის ხართ მზად. ეს არის ძალიან რთული მორალური დილემა და ეს შეფასება უნდა გააკეთონ მათ, ვინც დღეს იხდის ყველაზე დიდ საფასურს. ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.