უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველი 100 დღის განმავლობაში, რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 93 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.
ამის შესახებ ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ანგარიშშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა „პუტინის ომის დაფინანსება: წიაღისეული საწვავის იმპორტი რუსეთიდან შეჭრის პირველ 100 დღეში.”
კვლევის მიხედვით, ევროკავშირი რუსული გაზისა და ნავთობის უმსხვილეს მყიდველად რჩება, 24 თებერვლიდან 3 ივნისამდე ევროკავშირში რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტის 61% მოხდა, რაც 57 მილიარდ ევროს შეესაბამება.
ასევე, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი იყო ჩინეთი (12,6 მილიარდი ევრო), შემდეგ მოდის გერმანია (12,1 მილიარდი ევრო) და მესამე იტალიაა (7,8 მილიარდი ევრო).
DW ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ (როგორიცაა პოლონეთი, ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები) ომის დაწყების შემდეგ იმპორტი შეამცირეს, ზოგმა, პირიქით, შესყიდვები გაზარდა. მათ შორის არის ჩინეთი, ინდოეთი და ევროკავშირის წევრი საფრანგეთი.
„იმ დროს, როდესაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს, საფრანგეთმა იმპორტი გაზარდა და მსოფლიოში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მყიდველი გახდა“, – აცხადებს ორგანიზაციის ექსპერტი ლაური მალუვირტა.