სანქციების შედეგი – ოკუპირებულ აფხაზეთში ზაფხულის სეზონზე დასვენება 20–30%-ით გაძვირდება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.ტურიზმის მინისტრის, თეიმურაზ ხიშბას თქმით, ზაფხულის სეზონზე ე.წ. რესპუბლიკაში დასვენება 20-30%-ით იქნება გაძვირებული.
ამის შესახებ მან დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ საკურორტო სეზონთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ სხდომაზე თქვა.
ხიშბას თქმით, გაძვირება, ძირითადად სანქციებს უკავშირდება, რადგან ოკუპირებული აფხაზეთს სასტუმროების აღჭურვის, ოპერირებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შედის.
ე.წ. მინისტრის თქმით, ივნისში სასტუმროში შვიდი ღამის განმავლობაში ერთი ადამიანის დასვენება 15-დან 30 ათას რუბლამდე დაჯდება, ივლისსა და აგვისტოში – 30-დან 50-მდე, “ხავერდის სეზონში” – 25 ათასი რუბლიდან.
ასევე ფასების მატება ფიქსირდება საექსკურსიო სფეროშიც – მაგალითად, 1-ლი მაისიდან რიწის ტბის საგუშაგოზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება 100%-ით გაიზარდა, ახალი ათონის მღვიმეში – 40%-ით.