მცხეთის მერიაში განზრახულობათა დოკუმენტს ხელი მოეწერა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ესტონეთის რესპუბლიკის ჰააფსალუს მუნიციპალიტეტს შორის, დღეს განზრახულობათა დოკუმენტს ხელი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და ჰააფსალუს მერმა ურმას სუკლესმა მოაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მიზნად ისახავს ესტონელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაძლიერებას, ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კეთილდღეობისა და ურთიერთგანვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომლის საფუძველს თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპი წარმოადგენს, უზრუნველყოფენ ორმხრივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას. მათ შორისაა ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებები.