,,უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი ხელმისაწვდომობა სასწავლო თუ საგამოცდო პროცესებზე’’ – თამარ გაგოშიძე

მაისის თვიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჯერ აუდიტორიებში განახლდა, შემდეგ კი, სტუდენტთა მოთხოვნის საფუძველზე, შერეულ ფორმატში გაგრძელდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, სტუდენტთათვის საგამოცდო პროცესის გასამარტივებლად, რეგიონული საგამოცდო ცენტრები აამოქმედა, საერთო საცხოვრებლები კი უფასო გახდა მათთვის, ვისაც დედაქალაქში საცხოვრებლის პრობლემა აქვს.

ამის მიუხედავად, სტუდენტთა ერთი ჯგუფი აგრძელებს პროტესტს და სხვადასხვა მოთხოვნას უყენებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მათ შორის, მოითხოვენ, რომ ფინალური გამოცდები ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილების, საგანმანათლებლო სფეროში პოსტპანდემიური გამოწვევებისა და სტუდენტთა პროტესტის შესახებ – უნივერსიტეტის პროფესორს, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს – თამარ გაგოშიძეს ვესაუბრეთ.

თამარ გაგოშიძის თქმით: ,,უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი ხელმისაწვდომობა სასწავლო თუ საგამოცდო პროცესებზე.

ფინალური გამოცდების ჩვეულ (სააუდიტორიო) რეჟიმში ჩაბარებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას ჩვენი ფაკულტეტიც ემხრობა. უფრო მეტიც, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა არათუ ფინალური, შუალედური გამოცდებიც აუდიტორიებში ჩაატარა.

მე ძალიან კარგად მესმის სტუდენტების, პოსტკოვიდური სიტუაცია არ არის მარტივი. ეს სირთულეები ყველასთვის საერთოა: ჩვენ, სტუდენტებიც და პროფესორებიც, ორი წელი ვიყავით  იზოლაციაში და სხვაგვარად გვქონდა დაგეგმილი ცხოვრება. ამ თვალსაზრისით, გასაგებია, რომ გვიჭირს გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ეს არის ამ პრობლემის ერთი, ფსიქოლოგიური მხარე. მეორეა – სოციალური მხარე. სტუდენტურ საცხოვრებელთან და სამუშაოებთან დაკავშირებით აქამდეც სერიოზული პრობლემები იყო, მაგალითად, ჩემში ყოველთვის აღშფოთებას იწვევდა დამსაქმებლების დამოკიდებულება სტუდენტებისადმი. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხები, რომლებიც დღეს არ დამდგარა, იყო პანდემიამდეც და ეს საკითხები გამოცდებთან კავშირში არ არის. შესაბამისად, არც საგამოცდო რეჟიმთან მიმართებით არ გადაიჭრება.

სტუდენტების სოციალური პრობლემები რომ უნდა გადაწყდეს, ეს ცხადია, ამ საკითხებზე ჩვენ ადრეც გვიმსჯელია. მათ შორის სტუდენტებთანაც არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ამ პრობლემებს მხოლოდ ჩვენ: ადმინისტრაცია, პროფესორები, ზოგადად მხოლოდ უნივერსიტეტი ვერ გადაჭრის, საჭიროა განათლების სამინისტროს ჩართულობაც. ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, რადგან ამ პრობლემის გადაჭრა დაკავშირებულია მომავალი მოქალაქისა და მომავალი პროფესიონალის ჩამოყალიბებასთან.

რატომ ვემხრობით გამოცდების ე.წ. ,,ოფლაინ’’ რეჟიმში ჩატარებას? სტუდენტის მოვალეობაა სწავლა, ჩვენი მოვალეობაა ხარისხიანად სწავლება. უნივერსიტეტი არის სასწავლო დაწესებულება და ის გეგმავს სწავლა-სწავლების პროცესს. უნივერსიტეტმა იცის როგორ უნდა ასწავლოს თავის სტუდენტს.

დღეს ძალიან კონკურენტული გარემოა და კიდევ უფრო გაიზრდება კონკურენცია. ჩვენ კი არ გვინდა, რომ ჩვენი სტუდენტები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენთან სწავლობენ, რომლებიც ძალიან მაღალი ქულებითა და არაჩვეულებრივი უნარებით აბარებენ ჩვენს ფაკულტეტზე, მომავალში იყვნენ დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. გულდასაწყვეტი იქნება, რომ ვერ განვითარდნენ, რომ ხელი არ შევუწყოთ თავიანთი უნარების განვითარებაში. ხელის შეწყობა კი შეგვიძლია ერთი გზით: განვსაზღვროთ სწორი სასწავლო ჩარჩო. ამ ჩარჩოს უნივერსიტეტი აწესებს, მას აქვს თავისი წესები, ხოლო წესებს – შესაბამისი არგუმენტაცია. ბუნებრივია, რომ სტუდენტებმა ეს წესები უნდა დაიცვან.

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და სწავლების ფორმატის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორი მგონია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სოციალური პრობლემები არის რეალური და აუცილებლად გადასაჭრელი. ამას არავინ არ უარყოფს. მე ყველანაირად მხარს დავუჭერ სტუდენტებს ამ პრობლემების თუნდაც დაყენებაში, წარმოჩენაში, ფორმულირებაში… დარწმუნებული ვარ, ასეთივე განწყობა აქვს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც. მაგრამ ორ დღეში საერთო საცხოვრებელი არ შენდება და არც ორ დღეში არ ხდება დასაქმებისთვის შედარებით უფრო ლოიალური საკანონმდებლო სივრცის შექმნა, ამას სჭირდება მუშაობა, ერთობლივი ძალისხმევა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ სტუდენტებმა უნდა გააცნობიერონ ერთი რამ: ხარისხიანი სწავლება შესაძლებელია მხოლოდ საუნივერსიტეტო ველში, ცოცხალ აკადემიურ პროცესში. უნივერსიტეტი ხომ არ არის მარტო შენობა?  პირველი და მეორე კურსის ბევრმა სტუდენტმა, ვისაც აქამდე ლექციები ონლაინ უტარდებოდა, აღმოაჩინა, რომ აუდიტორიაში ლექცია არის სულ სხვა პროცესი, მეც მომენატრა ეს პროცესი: სტუდენტებთან ცოცხალი კომუნიკაცია ლექცია-სემინარის დროს. ეს არის ყოველ ჯერზე ახალი ცოდნის გენერირება, ეს არ არის უბრალოდ ცოდნის გადაცემა, ეს არის ახალი ცოდნის წარმოება. აუდიტორიაში სტუდენტებთან ურთიერთობისას ჩვენს ბევრ ახალ რამეს ვსწავლობთ. ეს არის ერთგვარი ზეიმი ჩემთვის, როგორც პროფესორისთვის და მგონია, რომ ჩემი სტუდენტებისთვისაც.  ამიტომ, არ შეიძლება ამაზე უარის თქმა.

პანდემიის დროს სხვა გამოსავალი არ არსებობდა, არ იყო სხვა შესაძლებლობა და ონლაინ რეჟიმიც იყო იძულებითი ჩვენთვის. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, მე პირადად მქონდა იზოლაციის განცდა. იმის განცდა, რომ კომუნიკაცია არ მქონდა აუდიტორიასთან. მაგრამ ახლა, როცა ამის აუცილებლობა აღარ არის და როცა შეგვიძლია, გვქონდეს ცოცხალი აკადემიური პროცესი, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწავლის ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლად, რადგან ამ რეჟიმს არ სჯობს არც ერთი სხვა ფორმატი. სხვადასხვა კვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში, გამოცდის ონლაინ ფორმატი ძირითადად განპირობებულია ხოლმე სწორედ იძულებითი ვითარებით.

ცოდნის შემოწმებისა და შეფასების ხარისხი ონლაინ რეჟიმში არის ძალიან დაბალი სააუდიტორიო რეჟიმთან შედარებით. ეს საერთო საუნივერსიტეტო შედეგია მთელ მსოფლიოში. ჩვენი რეალობა ეს არის და ჩემთვის გაუგებარია სტუდენტების მოთხოვნა გამოცდის ონლაინ ფორმატის შესახებ.

დავუშვათ, რომ სტუდენტებს ამ სოციალურ პირობებში ნაკლები მისაწვდომობა აქვთ სხვადასხვა რესურსზე (მაგ.: საცხოვრებელზე). ამის საპასუხოდ, ადმინისტრაციამ გადადგა რეალური ნაბიჯები იმისთვის, რომ გამოცდებზე თანაბარი მისაწვდომობა და შესაძლებლობები ჰქონდეს ყველა სტუდენტს, იმისთვის, რომ გამოცდა ღირსეულად ჩააბარონ.

გამოცდა თვითშეფასებაცაა, სტუდენტებმა საკუთარი ცოდნა თავადაც უნდა შეაფასონ ამ პერიოდში, შენ უნდა იცოდე რა იცი. თუ ადამიანმა თავად არ იცის რა ცოდნა აქვს, მას გაუჭირდება განვითარება, პროფესიული ზრდა. თვითშეფასებისთვის და იმისთვისაც, რომ სხვებმა ობიექტურად შეგვაფასონ, გამოცდები აუდიტორიებში, ყველა სტუდენტისთვის თანაბარ გარემოში უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, ჩვენი სტუდენტები კეთილგონიერად მოეკიდებიან თავიანთ პასუხისმგებლობას და საგამოცდო პერიოდს ღირსეულად დაასრულებენ’’ – აღნიშნა გაგოშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები