უნივერსიტეტი რეგიონში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის აკრედიტაციას გადის
„უნივერსიტეტი რეგიონში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის აკრედიტაციას გადის“, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია „ევრონიუსის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„უნივერსიტეტში ამ ეტაპზე ტარდება გარე შეფასება, ეს უკვე პროცესის მეორე ეტაპია, უახლოეს მომავალში ველოდებით ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ინსტიტუციის სხვადასხვა კომპონენტს აფასებს, მათ შორის: მმართველობას, ფინანსებს, ინტერნაციონალიზაციის პროცესს და ა.შ. ბოლო წლებში შეფასების კრიტერიუმებს დაემატა მესამე მისიის კომპონენტიც, ანუ ფასდება ისიც, თუ როგორ ეხმარება საზოგადოებას უნივერსიტეტი განვითარებაში. აგვისტოში უკვე გვეცოდინება საბოლოო შედეგი და, ცხადია, დადებითი პასუხის მოლოდინი გვაქვს.
50 ქვეყანაშია ჩატარებული ასეთი პროცედურა და დაახლოებით 450 უნივერსიტეტია მსოფლიოში, რომელსაც გავლილი აქვს შეფასების ანალოგიური პროცესი. მათ შორისაა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები: ჩარლზის უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი და სხვები. ეს ინსტიტუციური აკრედიტაცია გასტანს 5 წლის განმავლობაში. აკრედიტაცია კი, თავის მხრივ, უამრავ რამეს გულისხმობს, მათ შორის – ხილვადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, უცხოელი სტუდენტების უფრო მეტად მოზიდვას, რადგან მათთვის ეს აკრედიტაცია უდრის ხარისხის გარანტიას.
დღეს თსუში სწავლობს 56 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტს საერთაშორისო ხილვადობა აქვს, თუმცაღა ამის გაუმჯობესება შეიძლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთვის რაოდენობრივი ზრდა არ არის პრიორიტეტი, თუ ეს ხდება ხარისხის კომპრომისის ზრდით. ამიტომ, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის შენარჩუნება, ხოლო შესაბამისი კომპონენტების – გაუმჯობესება.
ექსპერტთა ჯგუფებმა შეისწავლა: გამჭვირვალობა, მონაწილეობა, ღიაობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ა.შ. ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც საერთაშორისო გუნდი აფასებს უნივერსიტეტს. ექსპერტები ხვდებიან საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა მონაწილეს: სტუდენტებს, პროფესორებს, ადმინისტრაციას, მკვლევრებს, მშობლებს თუ დამსაქმებლებს. ეს არის ძალიან ფართო კვლევა, რაც ჩვენც გამოგვადგება სამომავლოდ, რომ ნაკლოვანებების შემთხვევაში ეს კვლევა გამოვიყენოთ ერთგვარ „საგზაო რუკად“.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ყველაზე მეტი საერთაშორისო ერთობლივი პროგრამა, გავცემთ დიპლომებს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად. მაგალითად, ახლახან მოვაწერეთ ხელი ვილნიუსის უნივერსიტეტთან პარტნიორულ შეთანხმებას და უკვე ევროპულ სამართალში გვექნება ერთობლივი ხარისხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი კურსდამთავრებულები. ასევე 14 ივნისს მოვაწერთ ხელს პარტნიორულ შეთანხმებას ლატვიის ერთ-ერთ უნივერსიტეტთან, არაერთ სხვა უმაღლეს სასწავლებელთან გვაქვს უკვე მსგავსი შეთანხმება გაფორმებული, ეს პარტნიორი უნივერსიტეტები ქმნიან ჩვენს საერთაშორისო იმიჯს, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს მათთან მჭიდრო და დადებითი პარტნიორობის გამოცდილება.
ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის მიღწევები, სწავლის მაღალი ხარისხი – აღიარებული იქნება საერთაშორისო დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ, რომელიც შექმნილია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ეგიდით“, – განაცხადა შარვაშიძემ.
ცნობისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე გიორგი შარვაშიძე მიმდინარე წლიდან ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) აღმასრულებელი საბჭოს წევრია. საბჭოს წევრობა ქართულ მხარეს EUA-ს გადაწყვეტილებებში ხმის უფლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ასოციაციაში ევროპის 48 ქვეყნის 850-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციაა გაერთიანებული. უნივერსიტეტის რექტორმა „ევრონიუსის“ ეთერში სტუდენტთა ერთი ნაწილის პროტესტის შესახებაც ისაუბრა: „გასაგებია, რომ გაგვიჭირდა სწავლის ჩვეულ რეჟიმზე გადასვლა. მივეჩვიეთ ზუმში ცხოვრებას, მაგრამ მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, თანაბარი და ობიექტური შეფასების მისაღწევად აუცილებელია, რომ საგამოცდო პროცესი სააუდიტორიო გარემოში წარიმართოს. სტუდენტთა მხარდასაჭერად, აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით, ამოქმედდა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, სადაც რეგიონებში გამოცდის ჩაბარების მსურველები დარეგისტრირდნენ. მათ, ვისაც თბილისში სურს გამოცდის ჩაბარება, მაგრამ აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, საგამოცდო პერიოდში უფასოდ შეეძლებათ საერთო საცხოვრებლებით სარგებლობა, სადაც დღემდე ათობით თავისუფალი ადგილია. გარდა ამისა, თუ რომელიმე სტუდენტს დამატებით სხვა სახის დაბრკოლებას შეექმნება, თითოეული ეს შემთხვევა ინდივიდუალურად იქნება განხილული შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ“, – განაცხადა შარვაშიძემ.