ამირან სალუქვაძე: მთავრობასთან ერთად, “ბორჯომის” მმართველობა ცდილობს, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, გზების პოვნას თანამშრომლების და წარმოების შენარჩუნების მიზნით
ექსპერტი, ამირან სალუქვაძე “ბორჯომის” ქარხანაში მიმდინარე პროტესტის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კომპანია მთავრობასთან ერთად ცდილობს, არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს.
“გახსოვთ, ამას წინათ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა კომპანია “ბორჯომთან” დაკავშირებით, მეც გამოვაქვეყნე, როცა მთავრობის ჩარევით ჩვენი საამაყო ბრენდის წილები, შესაძლოა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცეს.
ფაქტობრივად, იმ დღეებიდან კომპანია დუღს, თანამშრომლების ნაწილი გაფიცულები არიან. დაიწყო მცირე ჯგუფმა. შემდეგ შეუერთდნენ სხვებიც.
გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე და პირადი კონტაქტების მეშვეობით, არ გამჭირვებია სიტუაციაში გარკვევა.
ყველასათვის ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, “ბორჯომსაც” პრობლემები შეექმნა. მთავრობასთან ერთად, “ბორჯომის” მმართველობა ცდილობს, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, გზების პოვნას, თანამშრომლების და წარმოების შენარჩუნების მიზნით.
“ბორჯომის” გაჩერება მძიმედ დააწვება არა მხოლოდ ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტს, არამედ კომპანიის მიერ პირდაპირ თუ ირიბად დასაქმებულ ადამიანებს.
საქმე სახუმარო რიცხვებთან არ გვაქვს. მხოლოდ კონტრაქტორ კომპანიებში დასაქმებულია 10 ათასამდე ჩვენი მოქალაქე.
დაბა ბორჯომის ბიუჯეტის შევსების კუთხით, კომპანია ლიდერია. ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტი კომპანიისგან 12 მილიონ ლარს იღებს.
შესაბამისად, “ბორჯომის” წარმოების შეფერხება ან დახურვა დიდ ზარალს მიაყენებს მუნიციპალიტეტს: ვერ განხორციელდება 12 მილიონი ლარის პროექტები, ვერ მიიღებენ შეკვეთებს კონტრაქტორი კომპანიები, ხოლო მათი 10 ათასი თანამშრომელი შემოსავლებს. შემოსავლები მოაკლდება ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტსაც.
ანუ, ერთი მსხვილი კომპანიის გაჩერება, იწვევს პრობლემათა მთელ ჯაჭვს, როგორც თავად კომპანიაში, ასევე მუნიციპალიტეტსა და კონტრაქტორ კომპანიებში.
თუ მშრომელ ხალხს, კომპანიის თანამშრომლებს, რეალური პრობლემები და პრეტენზიები აქვთ, რა თქმა უნდა ამ პრობლემებს მოგვარება სჭირდება.
თუმცა, არც ისე უნდა მოხდეს, რომ ამ მძიმე ვითარებაში, როგორშიც “ბორჯომი” აღმოჩნდა, ათასობით ადამიანი, სხვა კომპანიები და ბიუჯეტი დაზარალდეს.
ვიმეორებ, ერთი ადამიანის პრობლემაც პრობლემაა, თუმცა ლოგიკური და სამართლიანი მიდგომებია საჭირო.
პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლებული რამდენიმე ათეული ადამიანის, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურში აღდგენას, ხელფასების 25%-ით მომატებას და ძველი პირობების დაბრუნებას.
არ ვიცი, რა პრეტენზიები აქვთ ახალ პირობებთან. ამ პირობებს ხელი ასობით თანამშრომელმა მოაწერა.
დღეს “ბორჯომის” მართვას მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ახორციელებენ. ეს ისე…
რაც შეეხება “ბორჯომის” თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, ერთ-ერთი მაღალია საქართველოს შრომის ბაზარზე.
მაგალითად, დამლაგებლის ხელფასი 1100 ლარზე მეტია, მტვირთავის დაახლოებით 1800 ლარი, ოპერატორების – 2000 ლარი და მეტი.
ამ დროს ჰიპერმარკეტებში, ბანკებში, აფთიაქებში 2-3-ჯერ დაბალი ანაზღაურებაა.
საჯარო სექტორთან შეგნებულად არ ვადარებ, თორემ უამრავი პროფესიაა, მეხანძრეები, პოლიციელები, მაშველები, საკონტრაქტო სამსახურის სამხედროები, მედპერსონალი, პედაგოგები და სხვა, რომლებსაც არ აქვთ ასეთი შრომითი პირობები.
აქედან გამომდინარე, არ ვიცი რამდენად სამართლიანია ეს პროტესტი. ამას გარდა, არ შეიძლება ქარხნის მმართველობას მიუთითონ მთელი პერსონალისთვის ძველი სამუშაო პირობების დაბრუნება.
არ შეიძლება დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში, ბორჯომის პარალიზების მცდელობას ჰქონდეს ადგილი. როგორ ჯაჭვურ პრობლემებს გამოიწვევს და რამდენ ათას მოქალაქეს შეუქმნის პღობლემებს, ზემოთ აღვწერე.
სხვათა შორის, გაუგებარია თსუ-ის დღევანდელი პროტესტიც. მესმის, კარგია “გუგლის” დახმარებით, “ონლაინ” გამოცდების ჩაბარება, რაც პანდემიის გამო იყო ამ ორი წლის მანძილზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. იმისდა მიუხედავად, რომ თსუ-ის ხელმძღვანელობის მიმართ გაბრაზების საკმარისი საფუძველი მაქვს, სტუდენტთა მოთხოვნა მიუღებელია – გამოცდების პასუხები თავიდან უნდა ამოკრიბო და არა ინტერნეტიდან. “ონლაინ” განათლება, “ონლაინ” გამოცდები, შემდეგ “ონლაინ” სამსახური…
მოკლედ, “ბორჯომს” რომ დავუბრუნდეთ, არ შეიძლება პროტესტის გაუფასურება და პროტესტის პროტესტისთვის მოწყობა, ან პროტესტი წარმოების პარალიზების მიზნით.
პროფკავშირების თემაც მისახედია. 21-ე საუკუნეში მშრომელთა უფლებების დასაცავად სხვა ფორმებია მოსაძებნი. სიღრმეში არ შევალ. ვინც ჩახედულია, მიხვდება. პროფკავშირის წევრებმა, ანუ მშრომელებმა თავად უნდა იფიქრონ.
იმედია, მალე დალაგდებიან და კომპანია გააგრძელებს მუშაობას.
ორწლიანი პანდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს, უკრაინის ომის გამო გამოწვეული პრობლემები დაემატა, რაც უამრავ კომპანიასა და მილიონობით ჩვენს მოქალაქეზე მძიმედ აისახა. ამიტომ, მსხვილი კომპანიების პარალიზება, უფრო მეტ პრობლემას შექმნის”, – წერს სალუქვაძე.