Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და სხვები – როგორ „გვითვალთვალებენ“ ტექნოლოგიური კომპანიები და რაში იყენებენ ისინი ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას

ალექსანდრე მაღაზიის დახლთან იდგა. ერთ-ერთი პროდუქტი ხელში აიღო, ფასს შეხედა და უკან დააბრუნა. არაფერი უთქვამს. არც არაფერი უკითხავს. ზუსტად რამდენიმე წამში ტელეფონზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ეწერა, რომ სწორედ აღნიშნულ პროდუქტზე, რომელიც რამდენიმე წამის წინ ხელში ეკავა, ფასდაკლება ჰქონდა.

მეორე შემთხვევაზეც მოგიყვებით: რაღაც პერიოდის განმავლობაში, ერთი და იმავე ტრანსპორტით მგზავრობდა. სატრანსპორტო საშუალებაში ყოველთვის ხვდებოდა ერთი და იგივე ადამიანი, რომელიც გარკვეულ მანძილს ალექსანდრესთან ერთად გადიოდა. დაახლოებით, 2 კვირის შემდეგ Facebook-ზე შეტყობინება მიუვიდა, იცნობდა თუ არა აღნიშნულ ადამიანს, რომლის ანგარიშსაც სოციალური ქსელი ე.წ People you may know-ს კატეგორიაში სთავაზობდა. ალექსანდრეს ყოველთვის გათიშული აქვს GPS, თუმცა ინტერნეტი – ყოველთვის ჩართული.

ეს 21-ე საუკუნის რეალობაა. ყველაფერი, რასაც ციფრულ სამყაროში ვეხებით, ჩვენზე ინფორმაციას აგროვებს. ინფორმაციას, რომელიც შემდეგ ჩვენი ქცევების, განწყობებისა და სურვილების ფორმირებისთვის გამოიყენება. ყველა მაგალითი, რომელიც შესავალში წაიკითხეთ, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, ალექსანდრე ჩომახიძის პირადი გამოცდილებაა.

ალექსანდრე ჩომახიძე

საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, მან კარგად იცის, თუ რა მექანიზმებს იყენებს სხვადასხვა პოპულარული სოციალური ქსელი მომხმარებლების მონაცემების შესაგროვებლად და როგორ მოიხმარს ამ ინფორმაციას ესა თუ ის კომპანია. გადავწყვიტეთ, ამ ინტერვიუს საშუალებით, ისეთ კითხვებზე გავცეთ პასუხი, რომლებიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ინტერნეტმომხმარებლებს აინტერესებთ, რა ინფორმაციას აგროვებენ მათზე ტექნოლოგიური კომპანიები; „უთვალთვალებენ“ თუ არა მათ Facebook-ის ან სხვა პოპულარული პლატფორმის ე.წ. მესენჯერებში; კითხულობენ თუ არა მათ შეტყობინებებს; რომელია, ამ მხრივ, ყველაზე დაცული ან ყველაზე საფრთხილო აპლიკაციები; შეუძლიათ თუ არა მათ,  გაიგონ, რას ვაკეთებთ ინტერნეტში და როგორ მანიპულირებენ ჩვენს სურვილებზე მსხვილი კომპანიები?

(ალექსანდრე ჩომახიძე) ერთ-ერთი „ცუდი“ პლატფორმა, რომელიც ჩვენზე ყველაზე მეტ ინფორმაციას აგროვებს, Instagram-ია, ასევე, TikTok-ი, Facebook-ი, LinkedIn-ი და სხვა. Instagram-, მომხმარებლის მონაცემების სხვა კომპანიებზე გაყიდვის კუთხით, პირველ ადგილზეა. ეს მონაცემები მოიცავს ყველაფერს: თუ რომელ რეკლამას დავაჭირეთ, რომელ ბმულზე გადავედით, რა მოვიწონეთ, რომელ კომპანიას მივწერეთ, რომელი ბრენდი გვაქვს გამოწერილი და ა.შ. თავის მხრივ, კომპანიები, რომლებიც ამ ინფორმაციას ყიდულობენ, უკეთ არჩევენ სამიზნე აუდიტორიას და შესაბამის შეთავაზებებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პლატფორმები და მობილური მოწყობილობები ულტრაბგერებსაც აღიქვამენ. ადამიანები ხშირად კითხულობენ, იწერენ თუ არა ტელეფონზე მათ საუბარს. პასუხი ცალსახაა – კი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ჩვენც ყველა საუბარს უსმენს. მაგალითისთვის, ავიღოთ ცნობილი აპლიკაცია Shazam, რომელიც ჩვენთვის სასურველ მუსიკას ეძებს. ერთხელ კონცერტზე ვიყავი, სადაც ერთმა გოგონამ აპლიკაცია ჩართო და ძალიან გაუკვირდა, როცა ლაივი ვერ ჩაწერა. საქმე იმაშია, რომ, თითის ანაბეჭდების მსგავსად, მუსიკასაც აქვს თავისი პატერნი. Shazam-ი ეძებს, დაემთხვევა თუ არა კონკრეტული მელოდია და მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაძლევს შედეგს.

ტელეფონმა იცის, თუ რა პოზიციაში ვდგავართ ჩვენ ტელევიზორთან და თუ რა ფილმს ვუყურებთ. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, როგორ შევამოწმე ეს მარტივად – ფილმ X-men-ის ყურება დავიწყე. მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ფილმს ვუყურებდი, Facebook-ზე მათი .. მიმები და რეკლამები მხვდებოდა.

ეს ხდება მაშინაც კი, როდესაც, უბრალოდ, ინტერნეტი გვაქვს ჩართული თუ რაიმე დამატებით არის საჭირო?

-მთავარი პირობა ჩართული ინტერნეტია. შემდეგ ტელეფონი თავად რთავს მიკროფონს და ულტრაბგერებს იწერს.

იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც რამდენიმე ადამიანმა საკუთარი მოწყობილობები ერთ ადგილას მოათავსა და მთელი დღის განმავლობაში, კატის საჭმელზე ისაუბრეს. როდესაც მოწყობილობები აიღეს, სულ კატის საჭმელთან დაკავშირებული რეკლამები შეხვდათ.

საინტერესოა თქვენი პირადი გამოცდილება, როცა დახლიდან პროდუქტი აიღეთ, არაფერი გითქვამთ, თუმცა ფასდაკლების შეტყობინება მაინც მიიღეთ. ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე?

-სწორედ ეს არის მოწყობილობა, რომელიც ულტრაბგერებს გასცემს, რითიც თანამედროვე მაღაზიებში ხვდებიან, როგორ გადაადგილდება მომხმარებელი. ეს შემთხვევა თურქეთში მოხდა. ულტრაბგერითი აპარატი კონკრეტულად იმ დახლთან იდგა და ჩემს ტელეფონს შეტყობინება გამოუგზავნა.

საქართველოში თუ ვხვდებით მსგავს ტექნოლოგიას?

-ერთ-ერთ მაღაზიასთან ვთანამშრომლობთ და გვინდა, გავაკეთოთ, თუმცა ჯერჯერობით არ არის. დაახლოებით, მსგავსი გამოცდილება წლების წინ ერთ-ერთ მაღაზიას ჰქონდა. თუ იქ გაივლიდი, ტელეფონზე, SMS-ის სახით, შეტყობინება მოდიოდა, თუმცა შემდეგ, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, ეს მეთოდი გაუქმდა.

ზოგადად, მსგავსი ტექნოლოგიის განვითარებას ხელს ყველაზე მეტად ევროპის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულირების კანონი (GDPR) უშლის. ის პრობლემებიც, რომლებიც Facebook-ს დღესდღეობით მონაცემების შეგროვების გამო უჩნდება, ძირითადად, GDPR-ითაა გამოწვეული. საბოლოოდ, 2 სცენარი არსებობს. თუ GDPR გაიმარჯვებს, ციფრული მარკეტინგი, ამ კუთხით, არც ისე განვითარდება, თუ ვერ გაიმარჯვებს, მაშინ, საკმაოდ წინ წავა.

თქვენი აზრით, რომელი სცენარის განვითარება იქნება უკეთესი? რა მოხდება, თუ GDPR დამარცხდება?

-თუ გვინდა, რომ არაფერი გაკონტროლდეს და რეკლამების კუთხით, არ განვვითარდეთ, მაშინ არ უნდა დამარცხდეს. რომ გადავამოწმოთ, თუ რა ინფორმაციას იწერს ჩვენზე თუნდაც Google-ის ანგარიში, აღმოჩნდება, რომ ჩვენ შესახებ ზღვა ინფორმაცია აქვს. როდესაც Chrome-ში ჩემი ანგარიშით შევდივარ, სანამ რაიმეს დავწერ, იცის, თუ რას ვეძებ. კარგია, კომფორტულია, თუმცა ვისთვის – როგორ. ზოგისთვის ეს შემაწუხებელია. ჩემი აზრით, მთავარია, საფრთხის შემცველი არ იყოს… მე მირჩევნია, ჩემი შესაბამისი რეკლამები გამომიჩნდეს, თუმცა მყავს ბევრი მეგობარი, რომელსაც ტელეფონში ე.წ ტრეკინგის ფუნქციები მაქსიმალურად გავუთიშე. მართალია, უინტერესო რეკლამები ხვდებათ, თუმცა თავს ასე უფრო მშვიდად გრძნობენ.

გლობალურად  რომ შევხედოთ, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენს ქცევებს, სურვილებს, მიზნებს და არჩევანს მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ გარკვეული მსხვილი კომპანიები, გარკვეული ტექნიკური საშუალებებით?

-დიახ, რატომაც არა?! ისინი გვაძლევენ რეკლამებს და გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენთვის კარგია. რეკლამებიც მთლიანად ჩვენზეა მორგებული. ერთერთი კომპანია მუშაობს პროექტზე, რომელიც, გარკვეული სიგნალებით, ადამიანებისთვის ძილის დროს, სიზმარში რაღაც იდეის მიწოდებას გულისხმობს. ალბათ, ოდესმე აქამდეც მივალთ, მაგრამ ეს ჩემთვის უკვე ძალიან შემაწუხებელი იქნება.

თუმცა, რეალურად, ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ უბრალოდ შეთავაზებაზე? ეს ყველაფერი, 25- კადრის მსგავსად, ადამიანის ტვინში ილექება და შეიძლება, ვერც გააცნობიერო, ისე გააკეთო კონკრეტული არჩევანი. შესაძლოა, საერთოდ არ გჭირდებოდეს ის, რაც შთაგაგონეს, რომ გჭირდება

-დიახ, მსგავსი პროცესის შესახებ ერთ ფიზიკურ მაგალითსაც გეტყვით. უკვე წლებია, მარკეტინგში არსებობს მიმდინარეობა – არომამარკეტინგი, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც რაღაც დაწესებულებაში შევდივართ, იქ კონკრეტული არომატი გვხვდება. რომელიღაც დაწესებულებაში შეიძლება ზღვის სუნი ვიგრძნოთ ან ისეთი არომატი, რომელიც ბავშვობას გაგვახსენებს. ამით ადამიანი უფრო კარგად გრძნობს თავს ამ გარემოში და სურვილი უჩნდება, შეიძინოს იქ არსებული პროდუქტი. არომამარკეტინგი საქართველოშიც დიდი ხანია, შემოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობენ კომპანიები, რომლებიც ძალიან უხარისხო არომატებს იყენებენ, რაც შესაძლოა, ადამიანებისთვის დამაზიანებელი იყოს. პარალელურად, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც მაღალი ხარისხის არომატებს იყენებენ. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ესეც მანიპულაციაა.

ვის ხელშია და როგორ იმართება ეს მექანიზმები, რომლებიც ჩვენ შესახებ აგროვებენ სასურველ ინფორმაციას? ასევე, საინტერესოა, რა ტიპის ინფორმაცია სჭირდებათ მათ ჩვენზე და მიზნობრივი რეკლამების გარდა, როგორ იყენებენ შემდეგ ამას?

-ეს ინფორმაცია ისეთი კომპანიების ხელშია, როგორიცაა: Meta, Twitter-ი, Instagram=ი, Whatsapp-ი და ა.შ. Meta- მსგავსი კომპანიები ჯერჯერობით არ არიან ცენტრალიზებული და მათ სახელმწიფოები ვერ აკონტროლებენ. გარკვეულ ინფორმაციას დღესაც აწვდიან, თუმცა სახელმწიფოს ხელში არ არის. ალბათ, რაღაც დონეზე ამ ინფორმაციას სამომავლოდ სახელმწიფოებიც გააკონტროლებენ, მაგრამ ამჟამად მხოლოდ იმ კომპანიებს ეკუთვნით, რომლებიც ამ ყველაფერს მართავენ. რაც შეეხება გამოყენებას, ამ ეტაპზე ინფორმაციას, ძირითადად, თავიანთი პროდუქტის განსავითარებლად იყენებენ. მაგალითად, Meta ინფორმაციას ყიდის ე.წ. მესამე მხარის კომპანიებზე, რომლებიც უკეთესად უშვებენ რეკლამებს, ასევე, ტელეშოუებსა და გადაცემებზე, რომლებიც ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი უყურებს მათ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც არ ვიცით, კიდევ სად მიდის ეს მონაცემები.

ალბათ, მთავარი კითხვის ნიშანიც სწორედ აქ არისსად შეიძლება წავიდეს და ვის ხელში აღმოჩნდეს ჩვენი მონაცემები, თუკი ეს დასჭირდებათ და როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ ამის შესახებ?

-სანამ Facebook-ი Meta გახდებოდა, ცუკერბერგს სასამართლოში ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე ედავებოდნენ: მომხმარებელი ათვალიერებდა Instagram-ს Asus-ის ფირმის ტელეფონით, რომელსაც უკნიდან კამერა ამოსდიოდა. რამდენჯერაც სოციალურ ქსელში რეკლამა შეხვდებოდა, კამერა იმდენჯერ ამოსდიოდა და მისი სახის .. სქრინშოთს იღებდა. Facebook-მა თქვა, რომ ეს  ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა მათ დოკუმენტებში ეწერა, რომ როდესაც ადამიანი კონკრეტულ რეკლამას ნახულობდა, მათ აინტერესებდათ, როგორ გამომეტყველებას იღებდა ის. შემდეგ აღნიშნული უარყვეს, თუმცა ამის გარკვევაც მარტივად შეიძლება – როდესაც კომპანია მსგავს რამეს აპირებს, უნდა შევიდეთ Gooogle-ზე, გადავიდეთ news-ის განყოფილებაში, დავწეროთ კომპანიის სახელი და შემდეგ ბრჭყალებში ჩავწეროთ – internal document. ამ დოკუმენტებს წინასწარ ამზადებენ, სანამ სიახლეს დაგეგმავენ, უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით, რომ ეს დოკუმენტები უნდა წაავიკითხოთ, რათა გავიგოთ, თუ რა ინფორმაციის მიღება სურს ჩვენზე ამა თუ იმ კომპანიას.

მაგალითად, TikTok-ს თავდაპირველად ჰქონდა ასეთი პროტოკოლი: თუ ვიდეოში შშმ პირი გამოჩნდებოდა, იმ ვიდეოს მაქსიმალურად ცოტა ნახვა ექნებოდა. ერთ-ერთმა პროგრამისტმა, რომელიც შშმ პირი იყო, სწორედ internal document-ში აღმოაჩინა ეს შეზღუდვა. ამის შემდეგ TikTok-მა ეს შეზღუდვა მოხსნა.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არასდროს ვკითხულობთ მსგავს დოკუმენტებს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მოწყობილობაში რაიმეს ვაინსტალირებთ, ყველაფერზე თანხმობას წაუკითხავად ვაძლევთ. შემდეგ მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოხატავს, თუმცა ის ამას დაეთანხმა. სწორედ internal document-ში ვნახავთ დეტალურ ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ჩვენ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია კონკრეტულმა კომპანიამ.

– TikTok- ძალიან პოპულარული აპლიკაციაა, რომელსაც საქართველოშიც უამრავი ადამიანი იყენებს. როგორია ამ აპლიკაციის შემქმნელების დამოკიდებულება მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციის მიმართ?

– TikTok-ი ერთადერთი აპლიკაციაა, რომლის პოპულარობაც მხოლოდ იზრდება და ჯერჯერობით ჩავარდნა არ ჰქონია. ეს არის აპლიკაცია, რომელიც, ინფორმაციის შეგროვების კუთხით, ყველაზე მოქნილია. ამერიკაც კი აპირებდა მის დაბლოკვას, მაგრამ შემდეგ ფუნქციონირების გაგრძელების ნება დართეს. ბილ გეითსს სურდა მისი ყიდვა, თუმცა უარით გაისტუმრეს.

თუ Instagram- პირველ ადგილზეა ინფორმაციის გაყიდვის კუთხით, TikTok- ინფორმაციის შეგროვების კუთხით ლიდერობს. აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ როდესაც ჩვენ ვიდეოს ჩასაწერად გარკვეულ ფილტრებს ვიყენებთ, TikTok-ი ჩვენს ვიდეოს ფილტრის გარეშე იწერს და ინახავს.

არაერთი ტრენდი იყო TikTok-ზე, როდესაც ადამიანები ვიდეოს, ფაქტობრვიად, სრულიად შიშველ მდგომარეობაში იღებდნენ. მართალია, სხვა მომხმარებლები მსგავს ვიდეოებს მხოლოდ ფილტრით ხედავენ, თუმცა ორიგინალი ვიდეოები TikTok-ის ბაზაში ფილტრის გარეშე ინახება?

-დიახ, თანაც, Apple-ის მოწყობილობაზე ფილტრის მოხსნაც კი შესაძლებელია, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზული სკანდალი აგორდა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ესეც წესებში წერია და ამას ეთანხმები, როდესაც დოკუმენტს ხელს აწერ. თავად ეს დოკუმენტები ყველაზე მრავალრიცხოვანი სწორედ  TikTok-ს აქვს, რადგან ყველაზე დიდ ინფორმაციას იღებს.

რასაკვირველია, სრულ იზოლაციაში ვერ მოვექცევით და ყველაფერს ვერ გავთიშავთ. დღესდღეობით, ინტერნეტსივრცე და ონლაინპლატფორმები პირად ცხოვრებაშიც გვჭირდება და საქმიანი თვალსაზრისითაც. ამ ფონზე, რა ბერკეტები გაქვს მომხმარებლებს, ხელი შევუშალოთ ინფორმაციის შეგროვების პროცესს?

-კონტროლის მექანიზმების 100%-ით გათიშვა შეუძლებელია, რადგან დავიღლებით, ისე ცუდად იმუშავებს ყველაფერი. მაშინ მართლა მთაში უნდა წავიდეთ საცხოვრებლად და ყველანაირი ტექნიკა მოვიშოროთ.

მინდა, ისევ თქვენს მაგალითზე გკითხოთ, ამჯერად იმ ადამიანზე, რომელიც კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებით თქვენთან ერთად რეგულარულად მგზავრობდა. როგორ ხვდებოდა Facebook-, რომ თქვენ იმ ადამიანთან ერთად იყავით, თანაც თუ GPS გათიშული გქონდათ?

-ალბათ, მიზეზი ის იყო, რომ ინტერნეტი ჩართული მქონდა და ლოკაციის გაგება შეძლო. რადგანაც ერთსა და იმავე ლოკაციაზე ხშირად ვხვდებოდით, people you may know-ს კატეგორიაშიც ამიტომ მიჩვენა.

ერთ საინტერესო აღმოჩენას გაგიზიარებთ. ჩემი დაკვირვებით, პირველი სამი ადამიანი, რომელიც people you may know- კატეგორიაში გვხვდება, თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად შემოვიდნენ ჩვენთან და დაგვათვალიერეს. ეს დაკვირვება მეგობართან ერთად დავადასტურე, რომელიც დროებით სხვაგან გადადიოდა საცხოვრებლად. მან Facebook-ის ანგარიში შექმნა და ორი კვირის განმავლობაში, სისტემატურად შემოდიოდა ჩემს გვერდზე. ერთმანეთისთვის არც კი მიგვიწერია, მხოლოდ ჩემს გვერდს სტუმრობდა. მალე Facebook-მა მისი ანგარიშიც people you may know-ს კატეგორიაში მიჩვენა.

მინდა, მესენჯერებზეც გკითხოთთქვენი რეკომენდაციით, რომელია შედარებით უსაფრთხო?

უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე, ალბათ, Signal- დავასახელებდი, რადგანაც ყველაზე ნაკლებ ინფორმაციას იწერს ჩვენზე; მეორე ადგილზე კი, Telegram-ს. მართალია, Telegram-ი, როგორც აპლიკაცია, უსაფრთხოა, თუმცა ჩვენს ტელეფონში შეიძლება იყოს რაიმე მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ყველაფერს ხედავდეს და ინფორმაციას აგროვებდეს. Telegram-ისგან განსხვავებით, Signal-ი ასეთ შემთხვევაში მავნე პროგრამას ე.წ. სქრინშოთის გადაღების საშუალებას უზღუდავს, მაგრამ ტექსტის ამოკოპირება ჩვეულებრივად შეუძლია.

ალბათ, ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში ჯერჯერობით ისევ Facebook-ის მესენჯერს იყენებს. რა ინფორმაციას აგროვებს ეს კომპანია ჩვენი .. ჩათებიდან? აკვირდება თუ არა ვინმე ჩვენი პირადი მიმოწერის შინაარსს?

-ამასთან დაკავშირებით, ჯერ არაფერი უწერიათ, თუმცა თუ მესენჯერში აკრძალულ ფოტოს გავაგზავნით, ვინმეს აკრძალულ ტექსტს მივწერთ ან აკრძალულ ბმულს გავუზიარებთ, შესაძლოა, არა მხოლოდ ეს შეტყობინება, არამედ ჩვენი ანგარიშიც დაიბლოკოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი აკვირდება მესენჯერში ფოტოებს, ტექსტებსა და ბმულებს.

მაგალითად, ცუკერბერგს ჰკითხეს სასამართლოზე, თუ მომხმარებელი საკუთარ მეგობარს მესენჯერში შავ პანტერაზე რაიმეს ჰკითხავდა, შესთავაზებდა თუ არა მას Facebook-ი რეკლამას შავი პანტერას შესახებ. მაშინ  ცუკერბერგმა ეს უარყო, თუმცა ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ სიმართლე იყო. ასე რომ, მთლად ტექსტის შინაარსის გარჩევა მესენჯერში არ ხდება, თუმცა საკვანძო სიტყვებს ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად აკვირდება.

ხშირია შემთხვევა, როდესაც მეგობრები ერთმანეთს საკუთარი მცირეწლოვანი შვილის ფოტოებს უგზავნიან, სადაც ისინი შიშველ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამას Facebook-ი ბავშვთა პორნოგრაფიად აღიქვამს და ბლოკავს. ასევე, შეიძლება დაიბლოკოს დაჭრილი ადამიანის ფოტო, რომელზეც სისხლი და ძალადობაა გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ი აკვირდება იმასაც, თუ რა სიჩქარით ვწერთ მესენჯერში. კომპანიამ უკვე დააპატენტა კლავიატურა, რომელიც ჩვენი წერის გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაზღვრავს იმ ემოციას, რომლითაც თითოეულ შემთხვევაში კონკრეტულ ტექსტს ვაგზავნით. მაგალითად, თუ გაბრაზებული ვწერთ, შეიძლება, მეგობარს ჩვენ მიერ გაგზავნილი ტექსტი უფრო გადიდებული შრიფტით მიუვიდეს. გარდა ამისა, Facebook-მა განაცხადა, რომ მის პლატფორმას გაცნობის აპლიაკცია Tinder-ის ფუქნციები ჩაემატება და მალე იმ დონეზე მივლენ, რომ Facebook-ის ალგორითმს ეცოდინება, თუ რამდენ ხანში შეიძლება, დაშორდე შენს მეუღლეს, იმის გათვალისწინებით, თუ რას ათვალიერებ და რას აკეთებ ინტერნეტსივრცეში.

რა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელს მესენჯერში გაგზავნილი შეტყობინების ან ფოტოს წაშლა უნდა? იშლება თუ არა შეტყობინება ისე, რომ მასზე ხელი ვეღარავის მიუწვდებოდეს?

-აქ ცუდი ამბავი მაქვს… ყველა ფოტო, ტექსტი თუ ხმოვანი შეტყობინება, რომელსაც Facebook-ის  მესენჯერით ვაგზვანით, წაშლის შემდეგაც კი, სამუდამოდ ინახება Facebook-ის მონაცემთა ბაზაში. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს ერთმანეთთან პრივატულ საკითხებზე საკომუნიკაციოდ Signal-სა და Telegram-ს ვურჩევდი, რომელთაც არ აქვთ მსგავსი წვდომა საუბრის შინაარსსა და გაგზავნილ ფაილებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები