ნინო წილოსანი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და კომიტეტის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად თემას აგრარულ სექტორში სტატისტიკის წარმოება და დამუშავება წარმოადგენდა.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიხმოვანებია, მათ შორის, USAD-ის და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, აგრარულ სექტორში სტატისტიკის და მონაცემების შეგროვების აუცილებლობაზე. ამ ეტაპზე ის მწირი ინფორმაცია, რომელსაც საქსტატი აგროვებს და გარკვეულწილად სამინისტრო აწვდის სექტორს, ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სექტორმა პროგნოზირებული და მდგრადი დაგეგმარება განახორციელოს. ამიტომ, თუ გვსურს აგრარული სექტორის შემდგომი მდგრადი განვითარება, აუცილებლად უნდა შევქმნათ ამ სექტორში სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და ანალიტიკის უფრო ძლიერი რესურსი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აგრარული სექტორის წარმომადგენლებთან.