ლადო პაპავა: რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, მიმდინარეობს “სასურსათო ომი”, რომლის მთავარი აქტორი უშუალოდ რუსეთია
“დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, მიმდინარეობს “სასურსათო ომი”, რომლის მთავარი აქტორი უშუალოდ რუსეთია, რომელიც სურსათს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ხორბალს იყენებს, როგორც ინსტრუმენტს მსოფლიოსთან დაპირისპირების კონტექსტში”, – ამის შესახებ აკადემიკოსი, ლადო პაპავა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა სერიოზულია მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებს, სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკურად ძლიერი არიან, აქვთ რესურსი, რომ “სასურსათო ომს”, ასე თუ ისე, თავი გაართვან.
“დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტას ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის დროს ჩაეყარა საფუძველი. მიზეზი ის გახლდათ, რომ ეროვნულ მთავრობებს სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ მოუწიათ, რათა ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვით ვირუსის გავრცელება შეეფერხებინათ. ბუნებრივია, ამ პროცესში დაიწყო მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევაც, რაც მიწოდების შემცირებაზე აისახა. მიწოდების შემცირება კი არის პრობლემა, რომელიც სწორედ პანდემიის გამო წარმოიშვა და მსოფლიო ემზადებოდა ახალი გლობალური ჯაჭვების ფორმირების დასაწყებად, რომლის საფუძველი, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში – მაიკლ სპენსი აღნიშნავს, დივერსიფიკაცია უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ამას დრო სჭირდებოდა, მაგრამ 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ომი და დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები, რასაც მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან რუსეთის გამოთიშვა მოჰყვა. ომის გამო, მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან ამოვარდა უკრაინაც.
ომამდე ხორბლის მსოფლიო ექსპორტში რუსეთსა და უკრაინას, ჯამურად, 25% ეკავათ, რაც ნიშნავს, რომ ამ ომის გამო მსოფლიოში ხორბლის მიწოდება 25%-ით შემცირდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მას სანქციები დაუწესეს, უკვე მაშინ ინტენსიურად დაიწყო მუშაობა მარცვლეულის წარმოების ზრდაზე. მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა ხორბალი გამხდარიყო გარკვეული პოლიტიკური ინსტრუმენტი რუსეთისთვის. პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომმა რუსეთს რეალურად უბიძგა, რომ როგორც კი სანქციები დაედო, ცალკეულ შემთხვევებში ხორბლის ექსპორტი აეკრძალა, ცალკეულ შემთხვევებში კი გაეზარდა საექსპორტო ხორბლის ფასი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ხორბლის მიწოდებაზე. თავის მხრივ, უკრაინა ავტომატურად გამოეთიშა ექსპორტიორთა რიცხვს, რადგან ომში მყოფ ქვეყანას, ჯერ ერთი, თავად სჭირდება ხორბლის მოხმარება, მეორე მხრივ კი, თუკი რაიმე საექსპორტო რესურსი აქვს, გატანა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა შავ ზღვაში უკრაინული პორტების რუსების მიერ ბლოკირების გამო. ამ პრობლემამ მსოფლიოში ახალი ფენომენი – “სასურსათო ომი” გააჩინა.
სხვა სიტყვებით, დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, მიმდინარეობს “სასურსათო ომი”, რომლის მთავარი აქტორი უშუალოდ რუსეთია, რომელიც სურსათს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ხორბალს იყენებს, როგორც ინსტრუმენტს მსოფლიოსთან დაპირისპირების კონტექსტში. ამიტომ, ეს პრობლემა სერიოზულია მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებს, სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკურად ძლიერი არიან, აქვთ რესურსი, რომ “სასურსათო ომს”, ასე თუ ისე, თავი გაართვან. თუმცა ღარიბი ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სადაც სიღარიბე ისედაც საკმაოდ მაღალია, ახლა კი, როდესაც ხორბლის მიწოდება მსოფლიოში შემცირებულია, ბუნებრივია, მთლიანად სურსათი გაძვირდება და ეს დაარტყამს ღარიბებს. ამაზე დღეს უკვე წერენ ცნობილი ეკონომისტები, ანალიტიკოსები, რომ დღეს ერთ-ერთი გლობალური პრობლემა სწორედ “სასურსათო ომია”. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არის ხორბალი და მათ შორის, უფრო დაბალხარისხიანი, რომელიც, მაგალითად, ინდოეთს მოჰყავს, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა, ალბათ, თავს შეიკავებს ინდური ხორბლის შეძენისგან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თავად ინდოეთმაც შეზღუდა ხორბლის ექსპორტი. ამიტომ ხორბლის ბაზარზე ახალი მიმწოდებლები უნდა გამოჩნდნენ და, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან, მაგრამ ასე სწრაფად მიწოდების ჯაჭვების ცვლილება ტექნიკურად შეუძლებელია… ღარიბი ქვეყნებისთვის პური ძირითადი საკვები პროდუქტია როგორც სიიაფით, ასევე ყუათიანობით. ამიტომ, აქ იწყებს მოქმედებას ის ფენომენი, რასაც ეკონომისტები ვეძახით “გიფენის პარადოქსს”. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც პურზე ფასი იზრდება, ღარიბ მოსახლეობას უფრო ნაკლები ფინანსები რჩება იმისთვის, რომ სხვა, შედარებით ძვირი პროდუქტები მოიხმაროს; მათ ნაცვლად ღარიბები იძულებული არიან ისევ და ისევ პურით ისაზრდოონ. ეს პურზე ფასების ზრდის ის “სპირალია”, რომლის გარღვევის ერთადერთი მექანიზმი მარცვლეულის მიწოდების ახალი დივერსიფიცირებული გლობალური ჯაჭვების ფორმირებაა.
მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა რუსეთის აგრესიას. არავინ იცოდა, რამდენ ხანს გასტანდა საომარი მოქმედებები. რუსეთს ჰქონდა გათვლა, რომ სწრაფად, დიდი დანაკარგის გარეშე დაამარცხებდა უკრაინას და დამატებით ტერიტორიებს წაართმევდა. რუსეთმა ეს ვერ გათვალა, დასავლეთის რეაქციაც საკმაოდ უცნაური იყო. ბევრი კითხვა იყო და არც ის იყო ცნობილი, როგორი იქნებოდა ეკონომიკური სანქციების ეფექტიანობა. აღმოჩნდა, რომ სანქციებს აქვს რამდენიმე “ხვრელი”. “ხვრელი” ნომერი ერთი ის არის, რომ ევროკავშირი, რომელიც ბევრი სანქციის ინიციატორია, თავად ყიდულობს რუსულ ენერგეტიკულ რესურსებს, ანუ ცალი ხელით ეხმარება უკრაინას, მეორით კი უფრო მეტ ფულს უხდის რუსეთს ენერგორესურსებისთვის. მეორე “ხვრელი” გახლავთ ის, რომ არის მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებიც ამ სანქციებს არ შეერთებიან და განაგრძობენ რუსეთთან ეკონომიკურ, და არა მარტო ეკონომიკურ ურთიერთობას. რამდენიმე ქვეყანამ საჯაროდ კიდეც განაცხადა, რომ სანქციებს არც ერთ შემთხვევაში არ შეუერთდებიან. მათ შორის, გამორჩეულია ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი. ამიტომ სანქციები ძალიან ძლიერია, მასშტაბური, თუმცა მათი ეფექტიანობა ამ “ხვრელების” გამო შემცირებულია. რუსული რუბლი გამყარდა. ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან რუსეთს სავალუტო რესურსი შესდის, ხოლო სანქციების გამო იმპორტი შეუმცირდა. შესაბამისად, ვალუტა არ გაედინება, ანუ რუსეთს სერიოზული სავალუტო მატება აქვს, რაც სანქციების ეფექტიანობას ამცირებს. იმავდროულად, ევროპისთვის არის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება, რადგან ენერგეტიკული რესურსების გარეშე ევროპულ ქვეყნებს არსებობა არ შეუძლიათ, ხოლო ალტერნატიული რესურსების მოძიება იოლი არ არის. სხვა წყაროებიდან გაცილებით რთულია გაზის მიღება – ჯერ ერთი, მილსადენები არ არის, ხოლო საკმარისი თხევადი გაზის შეტანა რომც მოხერხდეს, წარმოება ტექნოლოგიურად უნდა გადაეწყოს, რასაც ძალიან დიდი ინვესტიცია და დრო სჭირდება. ამიტომ ევროპელი პოლიტიკოსები ვერ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომ ზიანი მიაყენონ თავიანთ მოსახლეობას, ეკონომიკას და ეს დღესავით ნათელია, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი პოლიტიკურად გაკოტრდებიან და მომდევნო არჩევნებს წააგებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ თუ არა აქვთ გარანტია, რომ რუსულ ენერგეტიკულ რესურსს სხვა ქვეყნებიდან მიღებული რესურსით ჩაანაცვლებენ, რუსულ ენერგორესურსებზე უარს არ იტყვიან, რაც შესანიშნავად იციან კრემლში.
ქვეყნები უკვე ფიქრობენ და გეგმავენ ხორბლის დათესვას. მათ შორის, მოვისმინე საქართველოს მთავრობის განცხადებაც, რომ გაიზრდება მარცვლეულის წარმოება საქართველოში. ამაზე დღეს ყველა ქვეყანა ფიქრობს, სადაც მარცვლეულის წარმოებაა შესაძლებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასურსათო ომი მეყსეულად დასრულდება. ის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება… რუსეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა ძალიან შემცირდა, – მაინც შემოდიოდა მცირე რაოდენობით, ახლა კი საბოლოოდ შეიზღუდა. ამიტომ ეს ჩვენი წისქვილ-კომბინატებისთვის დიდი პრობლემაა და ბუნებრივია, პურის გაძვირება გარდაუვალია. მაგრამ პურის სუბსიდირება გამოიწვევს იმას, რომ იაფი პური შეხვდება ყველას – მათ შორის მათაც, ვისაც არ სჭირდებათ და აქვთ შემოსავალი, რომ გაძვირებული პურიც იყიდოს. ამიტომ აუცილებელია არა პურის, არამედ გაჭირვებული მყიდველის სუბსიდირება, ანუ პურის გაძვირების საკომპენსაციოდ, ფინანსური დახმარება უნდა გაიცეს გაჭირვებულ მოსახლეობაზე სოციალურ დახმარებასთან ერთად”, – აცხადებს რესპონდენტი.
კითხვაზე: “ამბობთ, რომ მსოფლიოს შიმშილი ელოდება. მოშიმშილე ნაწილში საქართველოც მოხვდება?” – პაპავა პასუხობს:
“რა თქმა უნდა, არა. საქართველოში კი გაძვირდება პური, მაგრამ ჩვენ რასაც შიმშილს ვეძახით, ეს ძირითადად აფრიკული ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას შეეხება… ამ ეტაპზე რასაც მთავრობა აკეთებს, ვფიქრობ, სწორია. ვგულისხმობ ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების გაზრდის შესახებ ნაბიჯებს. თუმცა ვისურვებდი, ეს ცოტა ადრე დაწყებულიყო, თუნდაც 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე”.