საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ორთვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარეს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების ბიზნესადმინისტრირების და საინჟინრო ფაკულტეტების სტუდენტებმა სააგენტოში მორიგი პროფესიული პრაქტიკა გაიარეს.

ორთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის ყველა მიმართულებას, უწყების ორგანიზაციულ მოწყობას და სტრუქტურული ერთეულების ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკას. პროფესიული პრაქტიკის მიმდინარეობისას, სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს უწყების მაღალი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებმა, ასევე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა.

წინასწარ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ სააგენტოს ყველა დეპარტამენტის საქმიანობას, დარგის რეგულირების, ავიაკომპანიების ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტებისა და ავიასაწარმოების სერტიფიცირების, მათი ზედამხედველობის, მათ შორის, საინსპექციო შემოწმებების ჩატარების და შემდგომი მონიტორინგის ძირითად პროცესებს და პრაქტიკულ ასპექტებს.

ადგილზე სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად იღებს მონაწილეობას სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა პერიოდულობით, კითხულობენ ლექციებს საავიაციო უნივერსიტეტში, რაც მნიშვნელოვანია, მომავალი ავიასპეციალისტებისთვის თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის პრაქტიკული ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები