საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ”112”-მა, როგორც ხარისხზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ, წარმატებით დანერგა საერთაშორისო ISO სტანდარტები
სტანდარტი ISO 9001:2015-ის დანერგვა უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გამოიხატება მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაში, პროცესების გამჭვირვალობასა და მონიტორინგის კიდევ უფრო ეფექტიანი სისტემის შექმნაში, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ISO 9001 წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ სისტემას. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტანდარტია, რომლის მიზანია ორგანიზაციის პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მომხმარებელსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. სტანდარტი ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტსისტემების რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ფოკუსირებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტსისტემის გაძლიერებაზე, ასევე, მომსახურებისა და წარმოებული პროდუქტის ხარისხის ამაღლებაზე.
ISO 21001:2018-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დანერგვა უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების ხარისხის ამაღლებას, სასწავლო პროცესში ახალი მიდგომების დანერგვასა და კონკურენტუნარიანობას, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს მომავალი ოპერატორების რეკრუტირებისა და მომზადება/გადამზადების პროცესზე და აისახება ქოლ-ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.