ეკა ბესელია “ციხის ჯულიეტაზე”: სამჯერ თქვა უარი სააკაშვილმა შეწყალებაზე, მაგრამ იწყალებდა გირგვლიანის მკვლელებს
შექსპირის ჯულიეტას როლის შემსრულებლის ელენე ჯავახიას შეწყალების ფაქტს ეკა ბესელია სოციალური ქსელით გამოეხმაურა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თავის დროზე ყოფილ პრეზიდენტს მან ამ პატიმრის შეწყალების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა სააკაშვილმა ყველა ჯერზე უარი თქვა.
„რამდენი ხანია ამ პატარა ელენეს გათავისუფლებისთვის ვიბრძოდი… სამჯერ თქვა უარი სააკაშვილმა შეწყალებაზე, მაგრამ იწყალებდა გირგვლიანის მკვლელებს.
ისევ გავუწიე რეკომენდაცია ელენეს პრეზიდენტთან და შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა.
ელენე ფოთელია, ჰყავს არაჩვეულებრივი მშობლები, ასევე და-ძმა.
ძალიან მიხარია მათი სიხარული, გილოცავთ!“, – აღნიშნა ბესელიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულებიდან 5 ქალბატონი, მათ შორის შექსპირის ჯულიეტას როლის შემსრულებელი ელენე ჯავახია პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. მსჯავრდებულს პრეზიდენტის შეწყალების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რობერტ სტურუას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ აცნობა და გათავისუფლება მიულოცა.