საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამინისტროების ფინანსური ანგარიშგების საკითხი განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა რვა სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სამინისტროების 2020 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიშები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, 2021 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური ხელისუფლების რვა უწყების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა და შედეგად 85 რეკომენდაცია გასცა.
მისი თქმით, პარლამენტი ბოლო სამი წელია ფინანსურ ანგარიშგებებს გაერთიანებულად იხილავს, რაც ევროკავშირთან შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ჩვენც ამ პროცესს ვუყურებთ როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის მთავარ წყაროს – შევისწავლოთ სად და როგორ ხდება თანხების განკარგვა,“ – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, იუსტიციის, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.
„ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხები საჯარო სტრუქტურებში მნიშვნელოვანი გამოწვევით ხასიათდება, მათ შორის, ისტორიული და სისტემური ხასიათის ხარვეზების გამო. მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა, შესაფასებელ პერიოდში ყველა სამინისტროს ჰქონდა პროგრესი აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით. გამოვყოფ ორ სამინისტროს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და თავდაცვის, რომლებსაც რამდენიმე მსხვილი მიმართულებით ჰქონდათ განსაკუთრებული პროგრესი“, – განაცხადა გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა.
სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ხითარიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტების შედეგები დამსწრეთ პრეზენტაციის სახით გააცნო. მან შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აუდიტის მიზნებსა და მასშტაბებზე, შემოწმების დროს გამოვლენილ მნიშვნელოვან მიგნებებსა და რეკომენდაციებზე.
ფინანსური აუდიტი ძირითადად მოიცავს: ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საკითხებს, შიდა კონტროლის გარემოს შეფასებას.
გიორგი ხითარიშვილის განცხადებით, მიგნებები და რეკომენდაციები ოთხი მიმართულებით გაკეთდა, კერძოდ, ესენია: აქტივების მართვა, მოთხოვნები და ვალდებულებები, აღრიცხვა-ანგარიშგება და ზოგადი კონტროლის მექანიზმები.
მისი თქმით ზოგადად, განხორციელებულმა აუდიტებმა 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებები მოიცვა და დაიფარა ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების დაახლოებით 91%, გაიცა ექვსი უარყოფითი და ორი პირობითი მოსაზრება, გაიცა 85 რეკომენდაცია. სხდომაზე განიხილეს ცალკეული სამინისტროების მიმართ გაცემული რეკომენდაციები.
უწყებათა წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, დაეთანხმნენ. მინისტრების მოადგილეებმა ამ რეკომენდაციებზე განმარტებები გააკეთეს და მათი შესრულების მიმდინარეობაზე პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი სამინისტროების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პროცესს მუდმივ რეჟიმში გაუწევს მონიტორინგს.
„ყველა სამინისტროს აუდიტის შედეგებს იმის გამო ვიხილავთ ერთად, რომ საერთაშორისო კუთხით მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგადად მომავალში იგეგმება, ერთი მხრივ, ერთიანი კონსოლიდირებული ანგარიშგება მოხდეს ყველა სამინისტროსი და, მეორე მხრივ, ჩვენ გვსურს, რომ წელს თუ გვაქვს ერთი სამინისტროს მიმართ რაიმე მინიშნება და შენიშვნა, სხვებმაც მოისმინონ, რომ შემდეგ წელს მათაც იგივე ხარვეზი არ დაუშვან, ანუ ერთიან კომპლექსში გაიაზრონ ეს საკითხი. მესამე წელია ასე უფრო ეფექტურია ვმუშაობთ, ვიდრე ის, როცა სათითაოდ, ცალკეული უწყებების მიხედვით ვიხილავდით საკითხს. სულ 85 რეკომენდაცია იყო გაცემული და მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციაზე იყო შენიშვნა და თხოვნა სამინისტროების მხრიდან. მათ შორის, ერთ-ერთი იყო ფინანსებთან დაკავშირებით და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა.
ასევე შენიშვნა იყო აღრიცხვიანობასთან, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებითაც, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით, კანონმდებლობის გათვალისწინებით ეს საკითხიც შეიძლება მოგვარდეს. ხოლო თუ რაიმე საკითხის გადაწყვეტას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, ჩვენ, პარლამენტი მზად ვართ თუ სამინისტროები წარმოადგენენ კანონმდებლობაში ცვლილებას, ვიმუშავებთ ამ საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაციას დაეთანხმნენ სამინისტროები. ჩვენ მათ მივაწვდით პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებს და ზედამხედველობას გავუწევთ, რომ ეს რეკომენდაციები ბოლომდე შესრულდეს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.