ნინო ლომჯარია „იმედის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლაზე: ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა

ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა და ვერ შევაფასებ, – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ჩადენილი ხელშეშლა და არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს, ეს ეთიკის რეგულირების საკითხია.

„სახალხო დამცველი იცავს იმ ადამიანებს, რომლის გამოხატვის თავისუფლებაც იზღუდება სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული და სახეზეა დანაშაულის ნიშნები, ვფიქრობ, შეგიძლიათ მიმართოთ ახალ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც ეს ფუნქციები გადაეცა პროკურატურისგან. თუ ის უარს იტყვის ამ საქმის გამოძიებაზე, ან თუ იქნება დარღვეული თქვენი უფლებები ამ სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან, შეგვიძლია შემდეგ ჩავერთოთ და მოვახდინოთ რეაგირება. თუ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ჩადენილი ხელშეშლა და თუ ეს აღწევს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს და უბრალოდ არის ეთიკის საკითხი, ეს არის ეთიკის რეგულირების სფერო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დღეს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები