მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის მედიის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის პირველი ვიცეპრეზიდენტი, ირჟი რუსიცკა ხელმძღვანელობს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.
„ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესოა, როცა ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს ჩვენი მსგავსი პოსტსაბჭოთა გამოცდილება. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩეხ კოლეგებთან ერთად განგვეხილა საქართველოს პერსპექტივები. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიის მნიშვნელობაზე, ხაზი გაესვა დესტრუქციულ ელემენტებს.
ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებობს კარგი პერსპექტივები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ეფექტიანი ურთიერთობების მისაღწევად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ კუთხით ჩეხეთის საელჩოს ძალიან ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.