ლონდონი შვიდი თვე ელოდა ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს, რომელიც ამად ნამდვილად ღირდა

შარშან ოქტომბერში გამოცხადებული ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი მხოლოდ ახლა შედგა ლონდონის ბარბიკან ცენტრში. ამ ხნის განმავლობაში იმდენი ცვლილება მოხდა მსოფლიოში, რომ თავდაპირველად გამოცხადებულ პროგრამაში მნიშვნელოვანი კორექტურის შეტანა მოუწია პიანისტს. კოვიდზე ძლევა და ომი უკრაინაში იქცა ხელოვნის მთავარ სათქმელად და მღელვარების საგნად. უკვე სასცენო სამოსლის ხასხასა წითელი ფერი ერთბაშად გამოხატავდა კოვიდზე გამარჯვებას და ასევე – უკრაინელთა უსამართლოდ დანთხეულ სისხლს.
ოდა საკაცობიო სიხარულისა და მწუხარებისა, ასე აღვწერდი ამ პროგრამას, რომელიც ერიკ სატის ღვთაებრივი ჰანგებით დაიწყო და ლისტი-ჰოროვიცის მგზნებარე უნგრული რაფსოდიით გასრულდა. პროგრამაში ასევე აჟღერდა შოპენის, ბახის, შუბერტის, კუპერინის, ლისტის საყოვლთაოდ ცნობილი მუსიკა, რომელიც ხატია ბუნიათიშვილმა ისეთი დრამატურგიით წარმართა, რომ შეძლო ბუნებრივად გამოეხატა ღრმა სინანული და ნუგეში, ამასთან, გვეგრძნო ამაყი და თავისუფლებისმოყვარე სულის მშვენიერება!
ის, რომ ბუნიათიშვილი არის ტექნიკური სასწაულების დიდოსტატი, ეს უდავო ჭეშმარიტება არაერთგზის დამტკიცებულა და აღნიშნული კონცერტიც ამას ღაღადებდა. ასეთ ტექნიკურ ელვარებას დიდი შრომით და ნებისყოფით შეიძლება მიაღწიო, მაგრამ იმგვარ გამორჩეულობას და უნიკალურობას, რასაც ქართველი ხელოვანი აღწევს, ამას სჭირდება მასშტაბი, საკუთარი მკაფიოდ გამოხატული დამოკიდებულება გლობალური მოვლენების მიმართ.
ბევრჯერ მომისმენია იმავე  ნაწარმოებების შესრულება, მაგრამ ისინი ვიწრო, კამერულ ჩარჩოებს არ სცილდება, მაგრამ როცა ამავე სანოტო ტექსტებს ხატია ბუნიათიშვილი მიმართავს, ის იმგვარი დრამატურგიით ტვირთავს ამ მუსიკას, რომ მათი მეშვეობით ვიწყებთ მოგზაურობას დროსა და სივრცეში, ციცინათელასავით მოციმციმე მისეული პიანოებითა და მძვინვარე ფორტისიმოებით საკაცობრიო ბორგვას და გულის წუხილს ახმიანებს და თანამედროვე მსმენელში აღვივებს ფიქრს: ვინ ვართ, რა არის ადამიანის ამქვეყნად ყოფნის არსი და დანიშნულება?
შეიძლება ვდუმდეთ, როცა ბოროტება ასე ბილწავს და ატყვევებს სიმართლესა და მშვენიერებას? ვაჟა-ფშაველას ია მახსენდება, გველი რომ შხამავს, იმ პაწია უკრაინელი გოგოს ანგელოზურ სიმღერას მაგონებს, რომლის სამუდამოდ დადუმება მოსურვებია მავანს?!
გარდა იმისა, რომ ხატია ბუნიათიშვილი არის თანამედროვეობის გამოჩენილი პიანისტი, იგი არის მადლიერების გრძნობით სავსე პიროვნება, რომელიც არასდროს ივიწყებს სიკეთეს. ვის უნახავს, რომ კონცერტის პროგრამაზე პიანისტს მიეთითებინოს თავისი პედაგოგის გვარი? ბუნიათიშვილი კი მთელ მსოფლიოს ამცნობს, რომ იგი არის ქართველი პიანისტის, პროფესორ თენგიზ (გიზი) ამირეჯიბის (1927-2013) მოწაფე. ვითომ პატარა დეტალია, მაგრამ ნახეთ, როგორი საგულისხმო მესიჯია? ანუ საქართველოს პიანისტური სკოლა მისით კი არ იწყება, არამედ ამ სკოლას აქვს და მდიდარი ტრადიცია და ჰყავს თავისი კორიფეებიც.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები