„კოდუას ოფიციალურ ჩვენებაში არ აქვს ნათქვამი, რომ გოგა ხაინდრავას მკვლელობა პატარკაციშვილმა დაავალა“

ლონდონში ფარული ჩანაწერი არა ერეკლე კოდუამ არამედ, ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა, – ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა ერეკლე კოდუას ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ კოდუასთან შეხვედრის ინიციატორი პატარკაციშვილი იყო. რაც შეეხება მოტივს, გელბახიანის თქმით, ბიზნესმენს ჩეჩენი ბოევიკისა და ქართველი პოლიციელის საუბარის ჩანაწერი ჰქონდა, სადაც მის მკვლელობაზე საუბრობდნენ და პატარკაციშვილს აინტერესებდა თუ ვინ იყო მისი ლიკვიდაციის დამკვეთი.
„ბადრიმ მე მითხრა, რომ იწერდა შეხვედრას და სტენოგრამას აკეთებდა ქართულიდან ინგლისურ ენაზე. მითხრა, რომ მეორე დღეს „სკოტლანდ-იარდში“ დაიდებოდა. წაიღო ფირი ბერეზოვსკიმ, ფირი აღმოჩნდა საელჩოში, საელჩომ გადასცა კოდუას. რატომ გადასცა კოდუას ფირი საელჩომ? არც აქტი არსებობს, არც გადაცემის ოქმი არსებობს, თავად ფირი არ არსებობს, დედანი ამის. აქედან გამომდინარე, არავითარი ჩაწერა იქ კოდუას არ გაუკეთებია, ჩაწერა გააკეთა თავად ბადრი პატარკაციშვილმა, იმისთვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო მისი ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით. კოდუა, როდესაც აძლევს ჩვენებას ოფიციალურად პროკურატურაში, მას ერთი სიტყვაც არ აქვს ნათქვამი იმაზე, რომ გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაავალა ბადრი პატარკაციშვილმა“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ კოდუამ გუშინ “რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა. კოდუა ამბობს, რომ პატარკაციშვილის სურვილი იყო, მომკვდარიყო მისი გუნდის ოთხი წევრი, რაც ხელისუფლებას დაბრალდებოდა.
“ეს იყო გოგა ხაინდრავა და დანარჩენ სამ ადამიანზე სიას მომაწვდიდა. ის იცილებდა მისი გუნდის ისეთ წევრებს, რომ საზოგადოება 100%-ით ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა”, – აღნიშნა სოდ-ის ყოფილმა უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები