ევროპის სივრცეში თვითმფრინავით მგზავრობისას პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, იგივე წესი აეროპორტების სივრცეზეც ვრცელდება.
ამის შესახებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) და ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ახალ რეკომენდაციებშია ნათქვამი.
სააგენტოებმა განაცხადეს, რომ წესის გაუქმება შესაძლებელია ვაქცინაციის მაღალი დონის, გამომუშავებული იმუნიტეტის და ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში შეზღუდვების მოხსნიდან გამომდინარე.
ამასთან, აღინიშნება, რომ პირბადის ტარება COVID-19-ის გადაცემისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
“მგზავრებისთვის და ეკიპაჟისთვის საჰაერო მგზავრობის ნორმალიზებისთვის ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, მგზავრები პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ და პატივი სცენ სხვების არჩევანს. მაგალითად, მგზავრმა, რომელსაც აცემინებს და ახველებს სასურველია პირბადე გაიკეთოს, რომ გვერდით მსხდომი ადამიანი თავს დაცულად გრძნობდეს,“ – განაცხადა EASA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ კაიმ.
ახალი რეკომენდაციები ძალაში 16 მაისიდან შევა.