პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილებები განახორციელა

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი 77 ხმით დაუჭირა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი არეგულირებს რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების პერიოდულობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

წარმოდგენილი ცვლილებებით, საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდებათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე, კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესის მისაღებად. კანონპროექტით, ასევე, იზრდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებები. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ, ნაცვლად 2 წლისა. ცვლილებები შეეხება ზედამხედველი ორგანოებისთვის უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრის საკითხსაც. კერძოდ, საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდებათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესის მისაღებად. პროექტი ითვალისწინებს იმ უწყებათა სიის გაფართოებას, რომლებისთვისაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეუძლია საეჭვო ტრანზაქციის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გადაგზავნა.

გაიზრდება, აგრეთვე, იმ უწყებების სია, რომლებსაც შეუძლიათ მოითხოვონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისაგან ინფორმაცია. გაფართოვდება იმ დანაშაულების სიაც, რომლებზეც ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება. ცვლილებების მიზანია კანონმდებლობაში აისახოს ევროპის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები