მამუკა მდინარაძე – მადლობა ბრიტანეთის ელჩს, რომ ზუსტად დააფიქსირა პოზიცია და მკაფიოდ აღწერა ის, რაც სინამდვილეში ხდება

მადლობა მას იმისათვის, რომ აბსოლუტურად ზუსტად, მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბრიტანეთის ელჩმა მოკლედ და მკაფიოდ აღწერა ის, რაც სინამდვილეში ხდება.

„ამას ჰქვია გულწრფელი პოზიცია, როგორიც უნდა ყოფილიყო ბრიტანეთის ელჩის პოზიცია, აქ მოულოდნელი და გასაკვირი ნამდვილად არაფერია. მადლობა მას იმისათვის, რომ აბსოლუტურად ზუსტად, მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ორივე მხრიდან აღწერა ძალიან მოკლედ და მკაფიოდ ის, რაც სინამდვილეში ხდება. არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება არსებობდეს ისეთი ფაქტების შესახებ, რომელიც ერთი მხრივ შეურაცხყოფას აყენებს ამ ქვეყანას და მეორე მხრივ, ძალიან ბოროტ რაღაცებს აბრალებენ ხოლმე კონკრეტულ ხელისუფლებებს. ბოლო პერიოდში ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ არ იყო და ჩვენს მიმართ განსაკუთრებით იყო ასეთი შეტევა. ბრიტანეთის ელჩმა ამას წერტილი დაუსვა, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში მოხდა, საბედნიეროდ. ინფორმაცია, ბუნებრივად რომ ვერ იარსებებს ამის განმარტება იყო მისი მხრიდან.

რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ მან საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში და ეს ქვეყანა, შესაძლებლობის ზღვარზე, ყველაფერს აკეთებს როგორც ჰუმანიტარული, ისე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველანაირ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს და რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, მათ შორის ჰააგის მიმართულებითაც, საქართველომ უკრაინას დაუჭირა მხარი. ამაზე ხაზგასმა მისასალმებელია. ჩვეულებრივ სიტუაციაში ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, მაგრამ როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, მათ შორის განსაკუთრებით ქვეყნის შიგნიდან, ომის და ღალატის პარტიის მხრიდან, ასეთ საკითხებს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ადამიანები, რომლებიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ასეთ მკაფიო პასუხებს იძლევიან, მადლობა მათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები