ალექსანდრ მერეჟკო: რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი – გვინდა, რომ ერთად განვაგრძოთ გზა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ
პირადად მე ვემხრობი იმას, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვგულისხმობ პარლამენტს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, – ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის საქართველო ახლო პარტნიორია და სურს, რომ ორმა ქვეყანამ ერთად განაგრძოს გზა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
“საქართველო და ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატავად. ჩვენზე ძალიან იმოქმედა რეაქციამ, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოავლინა ომის დაწყებისას. ჩვენ დავინახეთ ეს რეაქცია, როგორ გამოვიდა ქართველი ხალხი ქუჩაში სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ეს დავაფასეთ და ჩვენთვის საქართველო ახლო პარტნიორია და გვინდა, ერთად განვაგრძოთ გზა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. ასოცირებული ტრიოს ფორმატზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ – საქართველოსა და მოლდოვასაც. პირადად მე ვემხრობი იმას, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვგულისხმობ პარლამენტს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“, – განაცხადა ალექსანდრ მერეჟკომ.