“პუტინმა მცირე სასოწარკვეთა გამოავლინა” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი დღევანდელ გამოსვლაზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში „მცირე სასოწარკვეთა გამოავლინა“.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.
CNN-ის ინფორმაციით,
უოლესმა უარყო პუტინის სიტყვები, რომ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ „ნატო-მ რუსეთს ალყა შემოარტყა“.
“ნატო-ს რუსეთის სახმელეთო საზღვრის მხოლოდ 6% უკავია. ეს არ არის ალყა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სახმელეთო საზღვრის 6% არის ნატო-ს ქვეყნები. უკრაინაში ნატო-ს ბაზებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ელჩი გეტყვით, რომ უკრაინაში ნატო-ს ბაზები არ იყო. მე ვფიქრობ, რომ პუტინს სჯერა, რისიც უნდა დაიჯეროს – ეს არის მცირე სასოწარკვეთის გამოვლინება”, – თქვა უოლესმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლონდონის მტკიცე მხარდაჭერა კიევის მიმართ.
„ბრიტანეთის მთავრობა – მთელი გაერთიანებული სამეფო – უკრაინასთან არის სოლიდარული, მხარს უჭერს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა, მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის უკრაინელების გაბედულ დაცვას“, – თქვა მან.
უოლესმა ასევე თქვა, რომ პუტინმა და მისმა ახლო წრემ ნაცისტების ბედი უნდა გაიზიარონ, რომლებიც დამარცხდნენ და ნიურნბერგის ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.